მიხეილ რამიშვილი: პროკურატურას სურს, ეს საქმე ჩაფარცხოს

მიხეილ რამიშვილი: პროკურატურას სურს, ეს საქმე ჩაფარცხოს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ექსპერტიზის დაკვნას არ ეთანმება და აცხადებს, რომ პროკურატურას სურს ეს საქმე ჩაფარცხოს.

მისივე თქმით, ადამიანი, რომელმაც მას სატელიტიდან გადაღებული ფოტოები გაუგზავნა, დავით ფურცხვანიძეა.

ადვოკატის თქმით, ფურცხვანიძე მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

“ბრძანება აქვთ მიღებული, რომ ეს საქმე უნდა ჩაფარცხონ. მათთვის თვითმკვლელობის მეტი არ იყო არაფერი, ჰგონიათ, რომ პატრონი არ ეყოლებოდა ამ ბავშვს. პატრონიც ეყოლება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მკვლელებს არაფერი შერჩეთ, - ამის შესახებ ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომელიც თბილისის პროკურატურაში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტ, ეკა ქობესაშვილთან ერთად, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ახალი ექსპერტიზის დასკვნის გასაცნობად იყო მისული.

მისივე თქმით, ფოტოები ვინც მას გადაუგზავნა, მზად არის ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

„პროკურატურას ყველაფერი შეუძლია თქვას, ეს მისი ნებაა. მე მოგასმენინეთ თქვენ, ვინც გადმომიგზავნა ეს ფოტოები, ის მზად არის ყველა კითხვას პასუხი გასცეს. პროკურატურას ბევრი რამის გაყალბება სურს. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, თითქოსდა აბები დალია ამდენი და იქ არ ჩანს. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, აბების დალევის მეორე რეჟიმიც არსებობს, როდესაც ფილტრაცია ხდება. მე კიდევ ერთხელ გიმეორებთ - უცხოელ ექსპერტებსაც შევეკითხე, როგორ შეიძლება ასეთი რაოდენობის აბები აღმოჩნდეს და ამავდროულად ბოთლშიც ფიქსირდება აბები, რომელიც მიღებული ჰქონდა. ფილტრაცია როგორ ხდება, როდესაც იფშვნება, იხსნება ბოთლში და ბოთლიდან ხდება გადასხმა და ფილტრაცია? რითაც იკვრება აბები, იმის გაფილტვრა ხდება და სუფთა სითხე გადადის მეორე ჭურჭელში - ამ შემთხვევაში შეიძლება გადასხმა მომხდარიყო ბოთლში.

მე არ ვეთანხმები ექსპერტიზის დასკვნას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ასე იაროს ადამიანმა, ამდენი აბი ყლაპოს? იმას არკვევენ, ჩემ მიერ წარდგენილი ფოტოები თურმე ცრუ ყოფილა, და იმას არ არკვევენ, რომ ავტომობილი არ იდგა. დაიწყონ ახლა იმის გარკვევა, რა არის სიცრუე და მაშინ მეც ვიტყვი, როგორ აყალბებენ მტკიცებულებებს - მაშინ თავიანთი თავი დაიჭირონ. დაიჭირონ ის ადამიანები, ვინც მფარველობს მკვლელებს, ვინც არიან ჩართული თავიდან ბოლომდე თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობაში. ამას კიდევ დავამტკიცებ - სად მიდის გზები, უკან არ დავიხევ, არაფერს დავთმობ. ადამიანმა თვითონ გადმომიგზავნა, თვითონ არის საქმის კურსში, ბევრ ინფორმაციას ფლობს - ის გამოძიებას დაუკავშირდება და გააკეთებს განცხადებას. ბრძანება აქვთ მიღებული, რომ ეს საქმე უნდა ჩაფარცხონ. ამათთვის თვითმკვლელობის მეტი არ იყო არაფერი, ჰგონიათ, რომ პატრონი არ ეყოლებოდა ამ ბავშვს. პატრონიც ეყოლება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მკვლელებს არაფერი შერჩეს. თამარ ბაჩალიაშვილი არ არის მხოლოდ ბაჩალიაშვილების შვილი, ჩემი შვილიცაა და ვისაც ღირსება გააჩნია და ვისაც შვილი უყვარს, მათი შვილიცაა“, - განაცხადა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია უნდა იყოს, ხოლო მის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება. თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.