თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელებს დავსჯი! ჩემი სიცოცხლის საპირწონედ დავაყენებ ამ საკითხს!. ამის შესახებ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, ადრე თუ გვიან, ჭეშმარიტება მაინც დადგინდება.
„რაც უნდა გააკეთონ, რა ქმედებებიც არ უნდა განახორციელონ, რაც არ უნდა ვინმეს იმედი ჰქონდეს, რომ თითმკვლელობის კვალიფიკაცია ძალაში დარჩება და ამით დაასრულებენ ყველაფერს, ადრე თუ გვიან, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, მაინც მოვატრიალებ ამ საქმეს. მე პირადად, ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი სიცოცხლის საპირწონედ დავაყენებ ამ საკითხს და იმ მკვლელებს ყოველთვის დავსჯი. ყველა იქნება პასუხისმგებელი, ვისაც თამუნა ბაჩალიაშვლის მკვლელობაში მონაწილეობა აქვს მიღებული, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ“, - ამბობს რამიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.