ახლა, როცა რობერტ პატინსონი გადაღებებზე დაუშვეს, The Batman-ზე მუშაობა ახლდება.
მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ მარტში კორონავირუსის პანდემიის გამწვავების გამო ფილმის გადაღებები შეწყდა, The Batman-მა გადაღებები ცოტა ხნის წინ განაახლა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდა. პატინსონს COVID-19 დაუდგინდა, რამაც Warner Bros.-ს აიძულა, გადაღებები კვლავ შეეწყვიტა.
იმ დროისთვის უცნობი იყო, რამდენი ხნით შეფერხდებოდა ფილმზე მუშაობა. პატინსონის ჯანმრთელობის გარდა ისიც გასარკვევი იყო, ვირუსი ფილმზე მომუშავე გუნდიდან ვინმეს ხომ არ გადაედო. მარტში ფილმზე მუშაობის შეჩერებისას The Batman-ის მხოლოდ 25% იყო გადაღებული, ამიტომ გუნდს ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო ჰქონდა და ხანგრძლივ შეფერხებას მათი გეგმების შეცვლაც შეეძლო, რადგან ფილმის პრემიერა 2021 წლის ოქტომბრისთვის იგეგმება. საბედნიეროდ, ახლა The Batman-მა მუშაობა ისევ განაახლა.
კარგი ამბავი ისაა, რომ ფილმზე მუშაობა მხოლოდ რამდენიმე კვირით შეწყდა და არა — რამდენიმე თვით. ვინაიდან გადაღებები განახლდა, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ პატინსონი ბოლომდე განიკურნა. ყველა, ვინც მასთან "ახლო კონტაქტში" იყო, უსაფრთხოების პროტოკოლების გათვალისწინებით ასევე გადაიყვანეს კარანტინში.
მიუხედავად ამისა, The Batman-ს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს ასანაზღაურებელი და საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები. ფილმის კინოთეატრებში გამოსვლამდე ჯერ წელიწადზე მეტია დარჩენილი, ამიტომ ფილმის რეჟისორ მეთ რივზსა და კომპანიას, თეორიულად, ფილმზე მუშაობის დასამთავრებლად საკმაო დრო აქვთ.