ჩემზე აერაერთი უსაფუძლო ჭორი და ბრალდება მომისმენია და როგორც არასაჯარო პირს, მათზე რეაქცია ძირითადად არ მაქვს. თუმცა ტვ „პირველი“ მაინც განსაკუთრებული შემთხევაა - მათ საკუთარ თავს აჯობეს და რუსეთთან საიდუმლო ელჩობაში „მამხილეს“, - ასე პასუხობს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ტვ „პირველში“ გასულ რეპორტაჟს.
საუბარია ნოდარ მელაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოსდა უჩა მამაცაშვილი მოსკოვში კონსპირაციულად და რეგულარულად დაფრინავს.
„მესმის, რომ საარჩევნი კამპანიაა და ტელევიზია ყველა ხერხით ცდილობს მეპატრონეებისა და დამფინანსებლების გულის მოგებას, თუმცა სიმართლესთან ოდნავ ახლოს მაინც უნდა იყოს ინფორმაცია, რომ დაგიჯერონ?
ჩემთვის მძიმეა იმის ყურება, თუ როგორ წვალობენ და ეძებენ ბნელ ოთახში კატას, რომელიც იქ, რასაკვირველია, არ არის.
რაც შეეხება სიუჟეტის შინაარსს, მის განხილვას აზრი არ აქვს - ყველა სიტყვა და აქცენტი სიცრუეა, ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი ზედმეტი და შეურაცხმყოფელია.
ღიმილის მომგვრელია იმის აღმოჩენა, როგორ გულმოდგინედ ცდილობენ „ტვ პირველის“ ბიზნესმენი და პოლიტიკოსი მესვეურები ჩემს ირგვლივ სკანდალის შექმნას. ამ ადამიანებს ვურჩევ, ბრაზილიელი პროდიუსერების დაქირავებას. საპნის ოპერები მათი მოგონილია და ისინი უკეთ გაართმევენ თავს გამოგონილი ამბების სიმართლედ გასაღებას. ჩემი მხრიდან კი მზად ვარ, ბრაზილიელი სცენარისტების მგზავრობისა და ანაზღაურების ხარჯები საკუთარ თავზე ავიღო“, - აცხადებს უჩა მამაცაშვილი Post Tv-ის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად გაგზავნილ წერილში.