პოპულარულ თამაშ Super Mario-ს გამომშვები კომპანიის, Nintendo-ს, განცხადებით, ცნობილ პერსონაჟზე შექმნილი ანიმაციური ფილმი 2022 წელს გამოვა.
კომპიუტერულად გენერირებული სურათებით შექმნილ ფილმზე მუშაობა კომპანიამ ჯერ კიდევ 2018 წელს დააანონსა და, როგორც ბოლო განცხადებებით ირკვევა, პროექტზე მუშაობა კვლავ გრძელდება.
ანიმაციური ფილმის პროდიუსერები Nintendo-ს წარმომადგენელი დირექტორი და მარიოს შემქმნელი, შიგერუ მიამოტო და სტუდია Illumination-ის გენერალური დირექტორი, კრის მელედანდრი, არიან.
Illumination საზიზღარი მეს და მინიონების გამომშვები კომპანიაა, ამდენად, მარიო საიმედო ხელშია. ფილმის დისტრიბუტორი კომპანია კი Universal Pictures იქნება.
Nintendo გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ კომპანია "აქტიურად იქნება ჩართული პროექტის დაგეგმვაში, განვითარებასა და შექმნაში". მათი განცხადებით, მუშაობა მიმდინარეობს პროექტის ვიზუალური მხარის გავრცობაზეც, თუმცა ნაწილი, შესაძლოა, მარიოსთან არ იყოს დაკავშირებული.
ჯერ კიდევ დაუსათაურებელი ფილმის შესახებ სხვა დეტალები არ გამოქვეყნებულა, თუმცა მარიოს გულშემატკივრები უკვე აღტაცებულები ელოდებიან საყვარელი პერსონაჟის დიდ ეკრანზე ხილვას.
Nintendo-მ ცოტა ხნის წინ ასევე განაცხადა, რომ მარიოს რჩეული კლასიკური თამაშები შეზღუდული დროით კვლავ დაბრუნდება.
მომხმარებლების საყვარელი თამაშები: Super Mario 64, Super Mario Sunshine და Super Mario Galaxy — რომლებიც Nintendo 64-ზე, GameCube-სა და Wii-ზე გამოვიდა — ამჯერად მცირედი ცვლილებებით დაბრუნდება Super Mario 3D All-Stars-თან ერთად.
კლასიკური თამაშები განახლებული გრაფიკით და გაუმჯობესებული მუშაობის უნარით იქნება წარმოდგენილი. Super Mario 3D All-Stars-ის შეძენა კი ხვალიდან, 18 სექტემბრიდან, იქნება შესაძლებელი.