„ხელისუფლება რომ პირველ ადგილზე გავა, ეს მოცემულობაა, თუმცა აქ ერთი მთავარი ინტრიგა რჩება...“

„ხელისუფლება რომ პირველ ადგილზე გავა, ეს მოცემულობაა, თუმცა აქ ერთი მთავარი ინტრიგა რჩება...“

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ყველა კვლევების მიხედვით „ქართული ოცნება“ კვლავ პირველ ადგილასაა და საქართველოს ისტორიაში ის იქნება ერთადერთი პარტია, რომელიც ქვეყნის სათავეში მესამე ვადით მოვა. თუმცა ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ახლა მთავარი ინტრიგა ისღა რჩება, „ოცნება“ შეძლებს თუ არა ხელისუფლება კვლავ ექსკლუზიურად დააკომპლექტოს. ამ რამდენიმე კვირაში მას დიდი ძალისხმევა დასჭირდება იმისთვის, რომ რეიტინგი არ დაკარგოს, გაზრდილი პანდემიის ფონზე სწორი მართვა შეძლოს და მოგროვილი დივიდენდები არ დაკარგოს.

არჩევნებამდე 6 კვირით ადრე კი ამომრჩევლის განწყობებს ახლა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი აქვეყნებს. IRI-ს კვლევით: მმართველ პარტიას ყოფილ სახელისუფლებო პარტიაზე ორჯერ მეტი პროცენტული მაჩვენებელი აქვს, სხვა დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტები კი, ხუთ პროცენტს ვერ ცდებიან.

კითხვაზე - საპარლამენტო არჩევნები რომ ამ კვირა დღეს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

IRI-მ ასევე დასვა შეკითხვა - იმ შემთხვევაში, თუ თქვენთის სასურველი პარტია საარჩევნო ბიულეტენში არ იქნებოდა, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? გამოკითხულთა პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად განადაწილდა:

„ქართული ოცნება“ - 36 %; „ნაციონალური მოძრაობა“ - 15 %;  „ევროპული საქართველო“ - 4 %, „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 4%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 3 %, „ლეიბორისტული პატრია“ - 3 %, „ლელო საქართველოსთვის“ -2 %, „გირჩი“- 2 %, „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო“ - 1 %, კითხვაზე პასუხი არ იცის 23%-მა.

საერთშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ხმის მიცემის უფლების 1500 რესპონდენტი, პირდაპირი ინტერვიუს ფორმით 4-დან 21 აგვისტომდე პერიოდში გამოკითხა. კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 2.5 პროცენტია.

კვლევის შედეგებმა აზრთა სხვადასხვაობა პოლიტიკურ სპექტრში მალევე გამოიწვია. ნაწილი, მათ შორის, მმართველი პარტია მონაცემებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

პარტიების ნაწილისთვის კი IRI-ის კვლევა ნახევარფაბრიკატია, ნაწილისთვის უზნეობისა და სიყალბის ზეიმი, ნაწილი კი, ჯამური ოპოზიციური რეიტინგით იმშვიდებს თავს.

რეიტინგების გარდა, კვლევამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოკვეთა: 56% თვლის, რომ ქვეყანაში ეფექტური ალტერნატივა არ არის.

ხელისუფლების ყველაზე დიდ მიღწევად კვლევის მიხედვით, კვლავ კორონავირუსთან ბრძოლა რჩება.

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგის ზრდა ორი მიზეზით შესაძლოა იყოს განპირობებული. პირველი ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ვინმე სერიოზული ოპოზიციური ძალა არ ჩანს, ამიტომაც ამით ისევ ხელისუფლება სარგებლობს და შეჩვეული ჭირი გვირჩევნია შეუჩვეველს მუშაობს. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ნაციონალებს თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავთ, თუმცა ის სხვა ამომრჩევლის დაინტერესებას ვერ ახერხებს. ექსპერტი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის აქტიურმა ჩართვამ საარჩევნო პროცესში მისი ამომრჩეველი მხოლოდ გაამყარა და ახალი ელექტორატის მიზიდვა ვერ შეძლო.

„დღევანდელ პოლიტიკურ პლატფორმაზე ახალი ლიდერები არ ჩანან. ალტრენატივის არარსებობაა იმის მიზეზი, რომ „ოცნებამ“ ეს რეიტინგი და პირველობა შეინარჩუნა. მეორე მიზეზი კი რის გამოც ხელისუფლების რეიტინგის ზრდაა, პანდემიაა. როგორც წესი, ასეთი პანდემიის დროს მოსახლეობის კონსოლიდაცია ხელისუფლების გარშემო ხდება. ასევე პანდემიის გამო შესაძლოა ოპოზიციამ ის შეცდომები ვერ გაათვითცნობიეროს, რის გამოც მათ მოსახლეობა მხარს არ უჭერს. პანდემია რომ არ ყოფილიყო, ამხელა სხვაობა არ იქნებოდა“, - ამბობს დავით ზურაბიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ზედმეტია იმაზე საუბარი და იმის პროგნოზირება, რომ ჩამოუყალიბებელი ამომრჩველი რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალისკენ წავა. ასეთი ამომრჩევლის გადანაწილება წინასაარჩევნოდ ყველა პოლიტიკურ ძალაზე ხდება ხოლმე. ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე 50-50% გადანაწილდება. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის განცხადება თითქოს ეს ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი აუცილებლად მათ მხარეს წავა ცრუ იმედია.

„რაც შეეხება ევროპელების და „სტრატეგია აღმაშენებლის“ რეიტინგს, მგონია ეს ნაციონალების ელექტორატია, რომელიც ამ სამ პარტიაზეა გადანაწილებული. მეტ-ნაკლებად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ორმა პარტიამ ნაციოანლებს ამომრჩეველი წაართვა. ზუსტად ამიტომაც არის შიდა კონკურენცია, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ოპოზიციის გაერთიანების ილუზია შექმნას და პირველი ოპოზიციური პარტიის სახელი არ დაკარგოს. კვლევების მიხედვითაც და ჩემი პირადი განცდითაც კოალიციური მთავრობა არ გვეყოლება. ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ხელისუფლება მოიგებს, თუ ამ ხნის განმავლობაში რამე საშინელება არ მოხდა“, - ამბობს ზურაბიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი for.ge-სთან ფიქრობს, რომ ხელისუფლების რეიტინგს ის გარემოება განაპირობებს, რომ ოპოზიცია უფრო სუსტად გამოიყურება ვიდრე „ოცნება“. ხუხაშვილი ამბობს, რომ გარკვეული უნარები ხელისუფლებამ კრიზისმენეჯმეტში გამოავლინა და კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით, პირველი ტალღა სწორად მართა. თუმცა ამჯერად საკმაოდ ბუნდოვანი სიტუაციაა შექმნილი და ახლა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ ეს მოგროვილი დივიდენდები არ დაკარგოს.

„არსებობს საფრთხე, რომ ხელისუფლებას ეს ხიბლი თავზე ჩამოექცეს. ამიტომაც ძალიან ფრთხილად თუ არ იქნება, ეს რეიტინგი არჩევნებამდე სწრაფად უკან წამოვა. ვირუსის მართვასთან დაკავშირებით შესაძლოა 2-3 კვირაში სიტუაცია ისე დამძიმდეს, რომ საბოლოო ჯამში ყველა უბედურება ხელისუფლებას დაბრალდეს. შესაბამისად, საარჩევნო სურათიც შეიცვალოს. მთავარი ახლა ის არის, რომ ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის რაოდენობა დიდია და არ ვიცით ეს ადამიანები როგორ მოიქცევიან. ის კი არასწორი გაგებაა, რომ ეს ხალხი ოპოზიციისკენ წავა. მათ მხარეს იმ შემთხვევაში გადავლენ, თუ ამომრჩეველს დაარწმუნებს, რომ ის ხელისუფლებას რამით სჯობია. თუ ამაში ვერ დაარწმუნა, მაშინ ტყუილი ილუზია აქვთ“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ნაწილობრივ ნაციონალების ამომრჩეველი, ევროპელებზე და „სტრატეგია აღმაშენებელზე“ გადანაწილდა. რაც შეეხება სააკაშვილის გააქტიურებას, ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს არსებულ სიტუაციას რადიკალურად არ ცვლის და მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას ახდენს.

„ხელისუფლება რომ პირველ ადგილზე გავა, ეს მოცემულობაა და ამაში ეჭვი არავის ეპარება. აქ მთავარი იტრინგა იმაშია „ოცნების“ პირველი ადგილი საკმარისი იქნება თუ არა იმისთვის, რომ ექსკლუზიურად მთავარობა დააკომპლექტოს. ეს ინტრიგა ჯერ კიდევ ძალაშია და ბოლო ერთ თვეში ხელისუფლებას ამისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.