დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე კუნძულ ბარბადოსის მონარქი აღარ იქნება. გამოცემა Loop-ის ინფორმაციით, კუნძულოვანი სახელმწიფო ოფიციალურად რესპუბლიკად გადაიქცევა.
ბარბადოსის გენერალ-გუბერნატორის, სანდრა მეისონის განცხადებით, ეს 2021 წელს, კუნძულის დამოუკიდებლობის 55-ე წლისთავზე მოხდება.
„დადგა დრო, როდესაც ჩვენი კოლონიალური წარსული ისტორიას უნდა ჩავაბაროთ. ბარბადოსელებს თავიანთი ქვეყნის ლიდერის ხილვა სურთ. ჩვენ კარგად ვიცით, ვინ ვართ და რისი მიღწევა შეგვიძლია“, - განაცხადა სანდრა მეისონმა.
ბარბადოსმა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 1966 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა. ფორმალურად ელისაბედ მეორე დღემდე 14 დამოუკიდებელი ქვეყნის მონარქად ითვლება, მათ შორისაა ისეთი დიდი ქვეყნებიც, როგორიც ავსტრალია და კანადაა.