„დაავალე მიშას“ კარგად იმუშავებს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებზე, თუმცა საწინააღმდეგოდ იმუშავებს ნეიტრალურ ამომრჩეველზე, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი კამპანიას. კითხვაზე, ხედავს თუ არა რაიმე კავშირს „დაავალე მიშა“-სა და 2017 წელს თბილისის მერის არჩევნებზე „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატის გიორგი გუგავას საარჩევნო სლოგანს „გუგავა მოვა“-ს შორის, პასუხობს, რომ ასეთი ინიციატივები უამრავია და არჩევნების მერე აღარავის ახსოვს.
კამპანიის „დაავალე მიშას“ არსი ისაა, რომ „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თავის რეგიონებში მოქალაქეებს პირადად შეხვდებიან და უშუალოდ მათგან მიიღებენ დავალებებს, თუ როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემები.
„რამდენად იმუშავებს ეს პიარული სვლა, ეს ცალკე საკითხია. თუმცა, მათ უნდათ, რომ წინ წამოწიონ მიშა, რადგან მათი ამომრჩეველი არის ძირითადად მიშას ამომრჩეველი და ამით ცდილობენ ქულები მოიპოვონ. ასეთი ინიციატივები არის უამრავი და არჩევნების მერე კაციშვილს არ ახსოვს. მსგავსი პიარი იმუშავებს მიშას ამომრჩეველზე, ხოლო საწინააღმდეგოდ იმუშავებს ნეიტრალურ ამომრჩეველზე. ეს რამდენად გათვალეს „ნაციონალებმა“, ვერ გეტყვით“, - ამბობს ვახტანგ ძაბირიძე „რეზონანსთან“ საუბრისას.
მან „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილ რეგიონალურ შეხვედრებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ შეხვედრებს, ვერავინ გააკონტროლებს.
„შეხვედრები იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ ვინ მოთვლის და ვინ გამოიცნობს, თუ ვინ ვის რა უთხრა?! საბოლოო ჯამში მე არ ვიცი რას აპირებენ, მაგრამ შესაძლოა არჩევნების ბოლოს გამოკვეთონ არა ხალხისგან მიღებული დავალებები, არამედ თვითონ რაც მიაჩნიათ სწორად ის და თქვან, რომ „ეს დაგვავალა ხალხმა“. მაქსიმუმ გამოაქვეყნონ არჩევნდებამდე ერთი კვირით ადრე და თქვან - „აი, მიშამ ხალხისგან ასეთი დავალებები მიიღოო“, - აცხადებს ძაბირაძე.