ჩემი აზრით, ეს არის ლობისტების კარგი ნამუშევარი. კარგ ფულს იღებენ და კარგადაც იმუშავეს. ამ აქტის გასვლა, ამ რაოდენობის ხმებით არის უბრალოდ ლობისტების კარგი ნამუშევარი, თუმცა არ მგონია, რომ ამას დონალდ ტრამპმა ხელი მოაწეროს, - განაცხადა დიპლომატმა, კოტე ჟღენტმა „დღის ქრონიკაში“ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ „მეგობარი აქტის“ მხარდაჭერაზე საუბრისას.
„საქმე იმაშია, რომ არ მგონია, რომ ეს კანონპროექტი უნდა განხილული იყოს ისე, როგორც ადმინისტრაციის გზავნილი. მას კიდევ გასავლელი აქვს გზა, სენატში აქვს განხილვა გასავლელი და შემდეგ უნდა მოაწეროს ხელი პრეზიდენტმა, თუ იქაც გაიარა. მე ერთი ცნობა მინდა მივაწოდო მაყურებელს. შეიძლება ვინმემ არ იცის, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის პერიოდში 10 000-ზე მეტი გადაწყვეტილება, კანონპროექტი იყო მიღებული კონგრესის მიერ და აქედან ტრამპმა ხელი 220-ს მოაწერა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ აუცილებლად მოაწერს, ან არ მოაწერს, ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, მე მგონია, რომ მაინც არ მოაწერს.
საქმე იმაშია, რომ თვითონ ეს ფაქტი და ის, რაც წერია ამ ე.წ. მეგობრობის აქტში არ არის ამერიკის ადმინისტრაციის პოზიცია, კარგად გვესმის ეს. ეს არის კონგრესის უმრავლესობის პოზიცია. ვთქვი უკვე, რომ სენატმა უნდა განიხილოს. იქ არიან როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატები. მთავარი საკითხი ალბათ არის ის, თუ რამდენად იცნობენ ეს კონგრესის წევრები იმას, თუ რა ხდება საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ, ვინც არაერთხელ ყოფილა ამერიკის შეერთებული შტატებში, ჰქონია ურთიერთობა ამერიკელებთან და მითუმეტეს კონგრესის წევრებთან ან ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, აბსოლუტურად სხვადასხვა ცნობადობა აქვთ იმისა თუ რა ხდება ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათმა ნაწილმა არ იცის რა ხდება საქართველოში“, - განაცხადა ჟღენტმა.
დიპლომატის აზრით, ინფორმაცია ცალმხრივად იყო მიწოდებული და კონგრესმენები უნდა გაერკვნენ იმაში, თუ რა ხდება რეალურად საქართველოში.
„ეს არის ჩემი აზრით ლობისტების კარგი ნამუშევარი და ამას ვერ დაუკარგავ მათ. კარგ ფულს იღებენ და კარგადაც იმუშავეს. ამ აქტის გასვლა ამ რაოდენობის ხმებით არის უბრალოდ ლობისტების კარგი ნამუშევარი და, შესაბამისად, ალბათ რაღაც დააკლდა მეორე მხრიდან მუშაობას, მაგრამ მთავარი მაინც ის არის თუ რა წერია მასში.
სხვათა შორის, როდესაც კონგრესის წევრი ხარ, აუცილებლად უნდა იცოდე, რომ მხოლოდ ერთ მხარეს არ უნდა მოუსმინო, შენი მოვალეობაა მოუსმინო ორივე მხარეს და იმის მერე გამოიტანო დასკვნა, იმის მერე მისცა ხმა ამა თუ იმ დოკუმენტს. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ცალმხრივი ინფორმაციაა მიწოდებული როგორც, სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციის დროს და წინა კონგრესის დროს ხდებოდა. სხვათა შორის, ახლა რომ ჩატარდება შუალედური არჩევნები იმედი მაქვს, რომ შეიცვლება კიდევ შემადგენლობა და დრო ჭირდება ამას ნამდვილად, რომ გაერკვნენ კონგრესმენები იმ სინამდვილეში, რაც საქართველოში ხდება“, - აღნიშნა ჟღენტმა.