ჩაკვეტაძის

ჩაკვეტაძის "გენტიდან" შესაძლოა მთავარი მწვრთნელი დაითხოვონ

ბელგიურმა „გენტმა“ შესაძლოა, მიმდინარე სეზონში მთავარი მწვრთნელი ისევ შეიცვალოს. Voetbal24-ის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა ლასლო ბოლონის გათავისუფლებაზე ფიქრობს, რადგან მის მიმართ წარმოდგენა შეიცვალეს და მიაჩნიათ, რომ რუმინელი კლუბის მომავალს აღარ შეესაბამება.

საინტერესოა, რომ განსაკუთრებით სოციალურ ქსელში „გენტის“ ფანები აქტიურობენ, რომლებიც ბოლონის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ და გუნდის თამაში არ მოსწონთ.

ბელგიურმა კლუბმა, რომელიც შარშან ვიცე-ჩემპიონი გახდა, ეს სეზონი საშინლად დაიწყო, 5 ტურში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა (1 მოგება, 4 წაგება) და მე-15 ადგილზეა. ბოლონიმ „გენტს“ ერთი მატჩი მოაგებინა („მეხელენთან“) და ორჯერ დამარცხდა („ანტვერპენთან“ და „ეუპენთან“), მანამდე საწყის ორ ტურში „ბუფალოს“ თავკაცი დანიელი იეს თორუპი იყო, რომელიც სტარტზე ორი მარცხის გამო დაითხოვეს.

ჩვენის მხრივ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლონიმ უკანასკნელ ორ მატჩში გიორგი ჩაკვეტაძე ძირითადი შემადგენლობაში გაამწესა და ჯამში 149 წუთი დაუთმო. „გენტს“ 15 სექტემბერს, უმნიშვნელოვანესი თამაში აქვს - ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენის „რაპიდს" შინ დაუპირისპირდება.