პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, კრიშტიანუ რონალდუ მიიჩნევს, რომ მაყურებლების გარეშე თამაშების ჩატარება იგივეა, რაც ცირკში წასვლა, სადაც ჯამბაზები არ გამოდიან. ინფორმაციას ამის შესახებ პორტუგალიური გამოცემა Record-ი ავრცელებს.
„მე მომწონს ის აურზაური, რომელიც ტრიბუნებზე სუფევს, თუმცა ჯანმრთელობა უმთავრესია. თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ პირობები უსაფრთხო არ არის, მაშინ საკითხი დახურულია. ყველაზე მთავარი ხალხია, თუმცა გულშემატკივრების გარეშე თამაში იგივეა, რაც ცირკში მოხვდე, სადაც ჯამბაზები არ გამოდიან ან ბაღში გახვიდე, სადაც ყვავილებს ვერ დაინახავ“, - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.
კორონავირუსის პანდემიის გამო, „უეფას“ ეგიდის ქვეშ ყველა თამაში მაყურებლების გარეშე იმართება.
8 სექტემბერს 35 წლის ფეხბურთელმა უეფას ერთა ლიგაზე შვედეთის ნაკრებთან გამართული შეხვედრის 45-ე წუთზე მე-100 გოლის გატანა, საჯარიმო დარტყმით შეძლო, თუმცა ის ამაზე არ შეჩერებულა.
72-ე წუთზე, არანაკლებ ეფექტური დარტყმით 101-ე ბურთიც გაიტანა და პორტუგალიელებს 2:0 მოაგებინა.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით გატანილი გოლების რაოდენობით, რეკორდსმენი ირანელი ალი დაეია, რომელსაც პორტუგალიელი მხოლოდ რვა ბურთით ჩამორჩება.