თითქმის ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ, ინდოეთის დედაქალაქში მეტრომ მუშაობა განაახლა

თითქმის ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ, ინდოეთის დედაქალაქში მეტრომ მუშაობა განაახლა

ინდოეთში, დელიში, თითქმის 6 თვის შემდეგ, კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი მეტრო ამოქმედდა, - ამის შესახებ BBC წერს.

მეტრო ინდოეთში გადაადგილების ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, დელის მეტრო 2.7 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა.

მეტროს გახსნის შემდეგ, მგზავრებს სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება ევალებათ. სავალდებულოა ტემპერატურის გაზომვაც.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით, ინდოეთმა ბრაზილიას გადაასწრო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდინფიცირების 90 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო, ჯამური მაჩვენებელი 4 204 613-ს გაუტოლლდა. ინდოეთში ვირუსს უკვე 71 642 ადამიანი ემსხვერპლა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 27 105 151 შემთხვევა დადასტურდა, 883 342 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 18 138 866 გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც კორონავირუსის 6 276 421 შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.