ტაიტელი „გურული“

ტაიტელი „გურული“

ანსამბლი “ორერას” წევრი გენო ნადირაშვილი ერთ შემთხვევას ხშირად იგონებდა:

“კინოფილმ “ორერა სრული სვლით” რომ ვიღებდით, ჩვენი გემი რომელიღაც დიდ კუნძულს მიადგა, მეხსიერება თუ არ მღალატობს ტაიტთან ახლოს მდებარეობდა. ორი კვირის განმავლობაში ზღვაში ვიმყოფებოდით.

- ნაპირზე არავინ გადავა! – მკაცრად გაგვაფრთხილა გემის კაპიტანმა, - ვინც გაბედავს, დაისჯება.

რომ შეღამდა, ცხონებულ რობერტ ბარძიმაშვილს გავენდე, - გავიპაროთ, ვინ რას მიხვდება-მეთქი? რობერტს ქეიფი იმდენად არ აინტერესებდა, რამდენადაც უცხო ხალხის გაცნობა და მათი მელოდიების ჩაწერა. ოთხი ბოთლი “ხვანჭკარით” მოვისყიდეთ ვახტიორი ვახტანგი, რომელმაც გვთხოვა, დილის 5 საათამდე გემზე იყავით, თორემ, მეც მომხსნიან და თქვენც მოგხსნიან გემიდანო.

გავცურეთ მე და რობერტმა ნაპირზე. “ოტელ-ტაიტიში” მივედით. ოფიციანტმა მაგიდასთან მიგვიყვანა, დავსხედით.

- “დვა ვისკი” – ორი თითის აწევით ვანიშნე ოფიციანტს. გატრიალდა მულატი ოფიციანტი, ნახევარ საათში სუფრა გაგვიწყო. ორი მომცრო ჭიქა მოგვიტანა, თითო ყლუპი ვისკი და საშუალო ასაკს გადაცილებული ორი უდღეური კიბორჩხალა.

- ჩქარა, ორი ბოთლი ვისკი მოათრიე და ხეირიანი ხინკალი, თუ არა და გავგიჟდი ახლა-მეთქი, - ვუკივლე მიმტანს.

თავდაპირველად უარზე გახლდათ, მაგრამ შემდეგ ასდოლარიანი ჩავუკუჭე ჯიბეში. ამოიღო, დახედა და სუფთა ნასაკირალელი გურულის კილოთი მითხრა:

- აი, ნამდვილია?

- მაი კია ნამდვილი, მარა, შენ რამ მოგიყვანა აქ, შე მადლიანო, შენა, ხვიჩა ხარ თუ გოჩა-მეთქი?

- კი, ნამდვილად გოჩა მქვია, მამაჩემი გადარჩა ჩაძირული გემიდან და დასახლდა აქ. დედა ალჟირელი მყავს და დეიდებიც.

მოგვიტანა ორი ბოთლი ვისკი. დავაჯახეთ ჩაის ჭიქები მე და რობერტმა და ამის დანახვაზე ატყდა ოვაცია დარბაზში. მთელი ევროპა-აზია ტაშს გვიკრავდა, ჩაის ჭიქებით სვამენ ვისკისო. მერე დაგვიახლოვდნენ, ვიმღერეთ და ვიცეკვეთ. გემზე დაბრუნების დრო რომ მოვიდა ჩვენს ნავში ჩავსხედით და წავედით. ვერ გველევიან. ასე არ უნდაო, გაიტენა სამი ნავი და მიგვაცილეს გემამდე. შემდეგ გემბანზეც ამოვიდნენ და “ვივა, ვივას” ძახილში დაგვათენდა ჩვენი გემის რესტორანში.

მასპინძლები დაგვემშვიდობნენ და ნაპირზე დაბრუნდნენ.

- საქართველოს და გურიას გადეეცით, ჩემი სალამი, ძამა! – ხელი დაგვიქნია ტაიტელმა მულატმა გურულმა და ჩვენი გემიც დაიძრა”.