„იუვენტუსმა“ შესაძლოა ედინსონ კავანი დაიმატოს. იტალიური მედიის ცნობით, ტურინელთათვის 33 წლის ურუგვაელის ვარიანტი ისევ აქტუალური გახდა. „ბებერი ქალბატონი“ გონსალო იგუაინის შემცვლელს ეძებს, რომლის კლუბიდან წასვლა გადაწყვეტილია. აქამდე, „იუვეს“ ყველაზე აქტიურად ედინ ჯეკოსა და ლუის სუარესს უკავშირებდნენ, თუმცა, ორივე ტრანსფერი ჩიხშია შესული.
ჯეკოს „რომა“ არ უშვებს, ხოლო სუარესი „ბარსელონას“ აღარ სჭირდება, მაგრამ კლუბის მისი უფასოდ გასხვისების წინააღმდეგია და ტურინულ გრანდს მხოლოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით სურს მისი დამატება. გარდა ამისა, სუარესს იტალიაში სათამაშოდ ევროკავშირის პასპორტი სჭირდება, რომლის აღებას გარკვეული დრო სჭირდება. ყველა ზემოხსენებული დაბრკოლების გათვალისწინებით, „იუვენტუსი“ ისევ კავანის მიუბრუნდა და როგორც ცნობილი გახდა, მოთამაშეს დაუკავშირდა კიდეც.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ურუგვაელს ანდრეა პირლოს გუნდის ხელმძღვანელობა მანამდე დაუკავშირდა, თუმცა „მატადორმა“ „ნაპოლის“ ერთგულების მიზნით ტრანსფერზე უარი თქვა. მიუხედავად ამისა, ახლა ვარაუდობენ, რომ ახალი კლუბის ძიებაში მყოფი კავანი აზრს შეიცვლის.
შეგახსენებთ, რომ ედინსონ კავანიმ პსჟ დატოვა (301 მატჩი, 200 გოლი) და თავისუფალი აგენტია. მას ლისაბონის „ბენფიკასთან“ გარიგება ჩაეშალა, ბოლო დროს ბრაზილიურ „გრემიოსაც“ უკავშირებენ.