„ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი მომდევნო სეზონში კვლავ კატალონიური გუნდის ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ფეხბურთელმა Goal.com-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მთელი წლის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ ეს სეზონი „ბარსელონაში“ ჩემთვის ბოლო უნდა ყოფილიყო. კლუბის ხელმძღვანელობა მეუბნებოდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ შემეძლო გადაწყვეტილების მიღება წასვლის ან დარჩენის შესახებ. როდესაც სეზონი დასრულდა, კლუბს ვაცნობე, რომ აღარ ვაპირებდი კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებას და წასვლა მსურდა. ხელმძღვანელობამ კი განაცხადა, რომ წასვლის შესახებ 10 ივნისამდე უნდა მეცნობებინა და ახლა კონტრაქტის გაწყვეტა მხოლოდ 700 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში იყო შესაძლებელი.
მან ასევე განაცხადა, რომ ახალი მიზნები ჰქონდა, თუმცა 700 მილიონი ევროს გადახდა არარეალურია, ამიტომ „ბარსელონაში“ დარჩება.
„არსებობდა სხვა გამოსავალიც - კლუბთან დავა სასამართლოში გამეგრძელებინა, მაგრამ ამას არასდროს ვიზამდი. ეს მთელი ჩემი ცხოვრების გუნდია, „ბარსელონამ“ მომცა ყველაფერი, მე კი მისთვის თავი არ დამიზოგავს. არასდროს მქონია აზრად, „ბარსელონასთვის“ სასამართლოში მეჩივლა. ვრჩები „ბარსელონაში“ და ჩემი დამოკიდებულება არ შეიცვლება მიუხედავად იმისა, თუ როგორ მინდოდა წასვლა. გავაკეთებ ყველაფერს, რაც კი შემიძლია. არ მიყვარს წაგება და ყოველთვის მოგებაზე ვარ ორიენტირებული. ახლა გვყავს ახალი მწვრთნელი, რომელიც ახალი იდეებით მოვიდა. ვნახოთ, მოგვცემს თუ არა ეს უფრო მაღალ დონეზე თამაშის შესაძლებლობას“, - განაცხადა მესიმ.