ამირან გამყრელიძე: წელს იქნება გრიპისა და კორონავირუსის თანაარსებობის პირველი სეზონი და მსოფლიო ამას ძალიან ყურადღებით ეკიდება

ამირან გამყრელიძე: წელს იქნება გრიპისა და კორონავირუსის თანაარსებობის პირველი სეზონი და მსოფლიო ამას ძალიან ყურადღებით ეკიდება

როგორც იცით, გრიპის კლინიკური სურათი და კორონავირუსის კლინიკური სურათი თითქმის იდენტურია. კლინიკურად მათი გარჩევა ძალიან რთულია, ამიტომ გარჩევა ხდება ლაბორატორიულად. მსოფლიო ძალიან ყურადღებით ეკიდება ამ საკითხს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

„რაც შეეხება სეზონურ გრიპებს, როგორც წესი, შემოდგომაზე იწყება ეს სეზონი, ჩვენთან ეს არის ხოლმე ოქტომბრის ბოლო კვირა, ნოემბრის შუა რიცხვები, მაგრამ ყველაზე ხშირად - ნოემბრის ბოლო. როგორც იცით, გრიპის კლინიკური სურათი და კორონავირუსის კლინიკური სურათი თითქმის იდენტურია. კლინიკურად მათი გარჩევა ძალიან რთულია, ამიტომ გარჩევა ხდება ლაბორატორიულად. მსოფლიო ძალიან ყურადღებით ეკიდება ამ საკითხს, ეს იქნება პირველი სეზონი, როდესაც გრიპისა და კორონავირუსის თანაარსებობას ველოდებით. ერთი მხრივ, ეს ძალიან საფრთხილოა, იმიტომ რომ დიდია ურთიერთდამძიმების პოტენციალი, ამიტომ ოქტომბრის შუა რიცხვებიდან რისკ-ჯგუფების აცრა დაიწყება. სახელმწიფოს შეძენილი აქვს 135 000 დოზა რისკ-ჯგუფებისთვის, კერძო სექტორსაც აქვს შესაბამისი შეკვეთები და წელს გრიპის აცრა გაფართოვდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 621 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 302-ს შეადგენს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით