კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ცხრა საკონდიტრო „დონას“, რვა ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, ხოლო ერთი „ავერსის“ თანამშრომელია

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ცხრა საკონდიტრო „დონას“, რვა ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, ხოლო ერთი „ავერსის“ თანამშრომელია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან ცხრა კაფე-საკონდიტრო „დონას“ კლასტერს უკავშირდება, რვა ინფიცირებულთან კონტაქტს განეკუთვნება, ერთი რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია.

ამასთან, ენდელაძის თქმით, 25 შემთხვევიდან მხოლოდ ერთის წყაროა უცნობი და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

„კოვიდინფქცია დადასტურდა 25 პაციენტთან. მათგან ცხრა არის ცნობილი „დონას“ კლასტერიდან, რვა ინფიცირებულებთან კონტაქტია, აქედან სამი იმპორტირებული შემთხვევაა, მათ შორის ერთი სატვირთოს მძღოლია. ერთი რუსთავის „ავერსის“ თანამშრომელია, ერთი შემთხვევა გავქვს მხოლოდ, რომელზეც არ არის დადასტურებული კერა და გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევები“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკას ერთი ახალი შემთხვევა დაემატა და ამჟამად, ახალი კორონავირუსით ინფექციურში 15 პაციენტი მკურნალობს. მარინა ენდელაძის თქმით, მათგან სამი მძიმე, ერთი კი კრიტიკული პაციენტია. საერთო ჯამში, კოვიდ-ცენტრებში 319 პაციენტი რჩება.

საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა რვა პაციენტი.