პირლო:

პირლო: "ჩვენი მიზანი ზედიზედ მე-10 სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგაზე ბოლომდე გასვლაა"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ მისი გუნდის მიზანი ზედიზედ მე-10 სკუდეტოს მოგება და ჩემპიონთა ლიგაზე ბოლომდე გასვლა იქნება.

ახალბედა იტალიელი სპეციალისტი განსაკუთრებულ ყურადღებას ბურთის სწრაფად დაბრუნებას უთმობს და წარმატებით მთავარ იარაღად მიაჩნია.

„წინ რთული და გრძელი გზა გველოდება, ამას დრო სჭირდება, რადგან ამ მომენტში არ შეგვიძლია ბევრ მოთამაშესთან ერთად მუშაობა. ყველაფერს გავაკეთებთ მოედანზე, დიდი სურვილი გვაქვს დავამტკიცოთ, რომ „იუვენტუსს“ ზედიზედ მე-10 სკუდეტოს მოგება და ჩემპიონთა ლიგაზე ბოლომდე გასვლა სურს. ჩვენ აქ ამისთვის ვართ და მაქსიმუმს გავაკეთებთ.

აგრესია და ბურთის დაკარგვის შემდეგ მისი სწრაფად დაბრუნების სურვილი არის ის, რაზეც ბევრს ვმუშაობთ. ჩემპიონთა ლიგის ბოლო სეზონს თუ გადავხედავთ, წარმატებას იმ გუნდებმა მიაღწიეს, რომლებიც ბურთს უმოკლეს დროში იბრუნებდნენ. მინდა, ეს ჩვენთვის დამახასიათებელი ნიშანიც იყოს, რაც სხვებისგან განმასხვავებელი იქნება. გუნდში ძალიან კარგად გავატარე პირველი დღეები, პრაქტიკულად ყველას ვიცნობდი, ვინც აქ მუშაობს და ეს ძალიან დამეხმარა“, - განუცხადა პირლომ ტურინელთა ვებგვერდს.

შეგახსენებთ, „იუვენტუსი“ 2020-2021 წლების სეზონში პირველ ოფიციალურ მატჩს 20 სექტემბერს, გენუის „სამპდორიასთან“ გამართავს და პირლოს სამწვრთნელო დებიუტი შედგება.