მედია: კიევის მერის პოსტისთვის მარინა პოროშენკო იბრძოლებს

მედია: კიევის მერის პოსტისთვის მარინა პოროშენკო იბრძოლებს

კიევის მერის არჩევნებზე უკრაინის ექს-პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტიის კანდიდატი ქვეყნის ყოფილი პირველი ლედი მარინა პოროშენკო იქნება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

გამოცემა Strana.ua-ს ცნობით, უკრაინის დედაქალაქში ყოფილი პრეზიდენტის პლაკატები გამოჩნდა, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ის კიევის მერის არჩევნებზე მოქმედ მერს, ვიტალი კლიჩკოს კონკურენციას გაუწევს. თუმცა პარტია „ევროპულ სოლიდარობაში“ გამოცემის წყაროები აცხადებენ, რომ პოროშენკო თავისი კანდიდატურის დაყენებას ვერ გარისკავს.

„ძალიან დიდია რისკი, რომ პოროშენკო კლიჩკოსთან დამარცხდეს. ამ ეტაპზე ძირითად კონცეფციად კანდიდატის საერთოდ არ დაყენება რჩება, რათა პარტიამ მეორე ტურში არგასვლით გამოწვეული ზიანი აირიდოს. თუმცა ქალაქში პოროშენკოს პორტრეტების გამოჩენას სხვა მიზანი აქვს. ახლა მიმდინარეობს შიდა კვლევა იმასთან დაკავშირებით, რამდენად მიზანშეწონილია, რომ მერის პოსტისთვის პარტიის სახელით ყოფილმა პირველმა ლედიმ, მარინა პოროშენკომ იბრძოლოს“, - განაცხადა გამოცემის წყარომ.

კიევის მერის არჩევნები მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს გაიმართება.