ალექსანდრ ლუკაშენკო: ნავალნის მოწამლვა ფალსიფიკაციაა

ალექსანდრ ლუკაშენკო: ნავალნის მოწამლვა ფალსიფიკაციაა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამლვა ფალსიფიკაციაა. ბელარუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ლუკაშენკომ რუსეთის პრემიერ-მინისტრ, მიხაილ მიშუსტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოფიციალურმა მინსკმა ბერლინსა და ვარშავას შორის გამართული საუბრის ჩანაწერი მოიპოვა და მას მოსკოვს გადასცემს.

„ჩვენმა დაზვერვამ მოიპოვა ანგელა მერკელის გამოსვლამდე გამართული საუბრის ჩანაწერი, რომელიც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ნავალნის მოწამლვა ფალსიფიკაციაა. შესაბამისმა სპეციალისტებმა ფაქტები ისე წარმოაჩინეს, რომ მერკელს ასეთი განცხადება გაეკეთებინა. მე გაგაცნობთ ამ საუბრის შინაარს, შემდეგ კი ჩანაწერს მოსკოვში გავაგზავნით“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი გახდა, რომლის მიზანი მისი გაჩუმება იყო.