აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სასანქციო სია გააფართოვა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სასანქციო სია გააფართოვა

აშშ-ის ხელისუფლებამ ირანის წინააღმდეგ სასანქციო სია გააფართოვა. სანქციები სამ ფიზიკურ პირსა და 11 კომპანიას დაუწესდა.

ირანიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ჩინეთიდან ექვს კომპანიას სანქციები ირანის ნავთობქიმიურ კომპანიასთან, Triliance-თან კავშირების გამო დაუწესდა. კიდევ ხუთ კომპანიას სანქციები ირანული ნავთობპროდუქტების რეალიზაციის გამო დაუწესდა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, სტივენ მნუჩინმა ირანი ნავთობის ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლებით ტერორიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულა.

„ირანის რეჟიმი ნავთობქიმიური პროდუქციის გაყიდვიდან მიღებულ მოგებას ტერორიზმის დასაფინანსებლად იყენებს“, - განაცხადა სტივენ მნუჩინმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კი აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციები მანამ იმოქმედებს, სანამ ირანი თავის პოლიტიკას არ შეცვლის.