"სრულიად ნეიტრალურ ადამიანს მაინტერესებს - რატომ ჩავიდა თავის მოსაკლავად ამხელა მანძილზე და მთელი დღის განმავლობაში რატომ დადიოდა?"

 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, როგორც იკვეთება გამოძიებას ჰყავს რამდენიმე მოწმე, რომლებიც ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიას ამყარებენ. ცნობილი ხდება, რომ ბაჩალიაშვილის უახლოესი მეგობარი დეა კაპანაძე გამოძიებას უყვება, რომ თამარმა თვითმკვლლეობა ადრეც ორჯერს სცადა და ამის შესახებ მისგან იცოდა.

ასევე გოგონა ამტკიცებს, რომ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებამდე ოჯახს დაემუქრა, რომ ის დაიკარგებოდა, მის კვალს ვერსად იპოვნიდნენ. კაპანაძე ამბობს, რომ ამის შესახებ მან თავად ბაჩალიაშვილის მამისგან გაუჩინარების პირველივე დღეს მოისმინა. მამა ამბობდა, რომ მუქარა ხომ არ შეასრულაო. მსგავს ვერსიას ყვება ბაჩალიაშვილის ბებიაც და მასაც სუიციდის ვერსიის სჯერა. მსგავს ჩვენებას პროკურატურას ბაჩალიაშვილის კლასელი ანა ჩაკვეტაძეც აძლევს და აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილმა თვითმკვლელობა ადრეც სცადა.

ასევე გაირკვა, რომ საქმეში ამერიკის ფედერალური ბიურო არ ჩაერთვება, რადგან მათი განცხადებით, ეს საქმე მათი კომპეტენცია არ არის.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კი ამტკიცებს, რომ საქართველოდან გაგზავნილი თხოვნის წერილში, სავარაუდოდ, ნათქვამია, რომ ძალოვანები სუიციდის საქმეს იძიებენ, სწორედ ამ მიზეზით დაღუპული გოგონას ოჯახი წერილის გასაჯაროებას ითხოვს.

რაც შეეხეება ზემოთ ხსენებულ ჩვენებებს, ოჯახი ამბობს, რომ მეგობარმა დეა კაპანაძემ ჩვენება 5-ჯერ შეცვალა. როგორც ახალგაზრდა პროგრამისტის მეგობარი ერთ-ერთ ჩვენებაში ამბობს, ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ბაჩალიაშვილმა სკოლის ასაკში ორჯერ სცადა თვითმკვლელობა, გარდაცვლილის კლასელისგან, ანა ჩაკვეტაძისგან მიიღო.

ამის შემდეგ ოჯახი ამტკიცებს, რომ დეა კაპანაძემ ჩვენება ისევ შეცვალა და თქვა, რომ თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ თამარისგან თავად შეიტყო.

ანა ჩაკვეტაძე, რომელიც თამარის კლასელია, ოჯახის ინფორმაციით, დეა კაპანაძის მეზობელია. ჩაკვეტაძე საკუთარ ჩვენებაში ამბობს, რომ თამარს თვითმკვლელობის ორი მცდელობა სკოლის ასაკში ჰქონდა და ეს კლასელებისთვის გახდა ცნობილი. ანა ჩაკვეტაძისა და დეა კაპანაძის ამ ჩვენებებს კატეგორიულად გამორიცხავს თამარის ორი თანაკლასელი. ისინი ადვოკატმა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხა.

ადვოკატი ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის საქმეში ბევრ უზუსტობასა და გამქრალ მტკიცებულებებთან ერთად, ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები დევს. სწორედ ეს ფაქტი არწმუნებს ოჯახის ადვოკატს, რომ გამოძიებამ კონკრეტული პირები იპოვა, რომლებსაც კონკრეტული მიზეზით სასურველ ჩვენებებს აწერინებს.

ის, რომ პროკურატურას თამარ ბაჩალიაშვილის საქმე მხოლოდ ერთი, თვითმკვლელობის ვერსიის გამყარებისკენ მიჰყავს, ოჯახი და ადვოკატი დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდა.

ამის პარალელურად, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც პროკურორმა, დავით გუმბერიძემ განაცხადა, დასკვნის მიხედვით, მაწევანის ტერიტორიაზე, ავტომობილში აღმოჩენილი ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის. მისივე თქმით, ოჯახი დნმ-ის დასკვნას გაეცნო.

„დნმ-თან დაკავშირებით, ის ეჭვები, რაც ოჯახს ჰქონდა, გამოირიცხა. დადგინდა, რომ გარდაცვლილი წარმოადგენს მათ შვილს“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.

ამასთან, როგორც გუმბერიძემ აღნიშნა, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნას უკვე გაეცნო. მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნა დაიდო. ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია.

ექსპერტიზის დასკვნის შედეგებთან დაკავშირებით ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია, მითითებულია დოზები, რომლის გადამოწმება მაინც მოხდება სპეციალისტებთან.

„ასევე მითითებულია რაოდენობა და ორგანოები, სადაც არის აღმოჩენილი, ესენია: ღვიძლი, თირკმელი, კუჭი. მითითებულია ფატალური შემთხვევები, რა დოზებიდან იწყება, მაგრამ იქ აღმოჩენილია დიდი დოზები და შესაბამისად, უცხოელებთან ყოველი შემთხვევისთვის გადამოწმდება“, - განაცხადა რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს არ სჯერა, რომ პროკურატურამ გამოძიების ფედერალურ ბიუროს ბაჩალიაშვილის საქმეზე სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა და ამის შემდეგ „ეფბიაიმ“ საქმეში ჩართვაზე თქვა უარი.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ფედერალურ ბიუროს პროკურატურამ საქმის საკუთარი ვერსია მოაწოდა, თვითმკვლელობის შესახებ და „ეფბიაის“ უარიც საქმეში ჩართვაზე ამას უკავშირდება.

„თუ „ეფბიაის“ მიაწოდეს გენერალური პროკურატურიდან ინფორმაცია, რომ ადამიანმა ჩაიდინა თვითმკვლელობა, ამით დასრულდა დანაშაულის შემადგენლობა და არაფერი აღარ არის გამოსაძიებელი, არაფერი ეჭვი აღარ არსებობს, რომ ამის უკან შეიძლება იდგეს გარკვეული ჯგუფი, მაშინ დაუსრულებია ბატონ გენერალურ პროკურორს დანაშაულის გამოძიება. პირველ რიგში, ვითხოვთ, გასაჯაროვდეს, რა ინფორმაცია მიაწოდა გენერალურმა პროკურატურამ ფედერალურ ბიუროს და რა მოთხოვნა გააგზავნა კიდევ ერთხელ. პირველად გაგზავნილი წერილი სულ სხვა შინაარსის იყო და იქიდანაც სულ სხვა პასუხი მოვიდა. რა ინფორმაცია გამოიტანა სახალხო დამცველმა, ეს კითხვის ნიშანს აჩენს. ეტყობა, ხელმეორედ ფედერალურ ბიუროში სხვა ინფორმაცია გადააგზავნეს. გამოაქვეყნონ, გენერალურმა პროკურორმა რა მისწერა და რა პასუხი მოიღო გამოძიების ფედერალური ბიუროდან“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი და გადამდგარი პოლკოვნიკი ბესიკ ალადაშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ FBI-ის მხრიდან საქმეში ჩართვაზე უარი გასაკვირი არ არის, რადგანაც ოჯახს კარგად უნდა აუხსნან, რომ, თუ საქმე თავისი ქვეყნის მოქალაქეს არ ეხება, ამერიკელები გამოძიებაში არ ერთვებიან. მისი თქმით, სავარაუდოდ, პროკურატურამ გადაუგზავნა მათ მიერვე მოპოვებული მასალები, რომლის გაცნობის შემდეგ ამერიკის ფედერალურმა ბიურომ ჩათვალა, რომ მისი ჩართულობა ამ საქმეში ვერ მოხდებოდა. მათ დახმარება მხოლოდ ექსპერტიზის ნაწილში შეუძლიათ.

ასევე სოცილური გვერდებიდან და ტელეფონიდან წაშლილი გვერდების აღდგენა. ალადაშვილი ამბობს, რომ თუკი პროკურატურა თვითმკვლელობის ვერსიის გამყარებას ცდილობს, მაშინ ბევრ პასუხგაუცემელ კითხვებზე პასუხი ამომწურავად უნდა გასცეს, სხვაგვარად ამ ვერსიის მიღება გაჭირდება. თუმცა ოჯახის მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გოგონამ ყარაბაღის ომთან დაკავშირებით, საქართველოს ჩართულობის შესახებ ინფორმაცია მოიპოვა, საკმაოდ სახიფათოს უწოდებს და ფიქრობს, რომ მსგავსი ინფორმაცია თუკი მხოლოდ ვერსიის დონეზეა, ასე, უბრალოდ არ უნდა გაჟღერდეს.

„გამოძიებაში რომ ამერიკის ფედერალური ბიურო ჩართულიყო, ასეთი პრეცედენტი არ არსებობს, თუკი ეს ამერიკის მოქალაქეს არ ეხება. ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებითაც მათ მხოლოდ არსებული მასალების მიხედვით დადეს დასკვნა და თავად არაფერი არ გამოუძიებიათ. ასე რომ, ოჯახის მოტყუება არ შეიძლება. მათ კარგად უნდა აუხსნან, რომ ამერიკელები არაფერს ხელახლა არ გამოიძიებენ. სავარაუდოდ, მათ ნახეს მასალები და დაასკვნეს, რომ ეს არ არის მათი კომპეტენცია და მეორეც საგამოძიებო მოქმედებებში ვერც ჩაერეევიან. FBI ექსპერტიზის შემთხვევაშიც მხოლოდ იმ დასკვნას დადებს, რომელიც აქედან გაიგზავნება და თავის აზრს გამოთქვამენ და რეკომენდაციებს გასცემენ.

მოვუწოდებ პროკურატურას, რომ თუკი მას აქვს ბევრი მტკიცებულება, რომელიმე ვერსიის გასამყარებლად, გაასაჯაროვოს და გარკვეული სახის სპეკულაციებიც დასრულდება. არც ერთ პოლიტკურ პარტიას არ ვეკუთვნი და არც ვემხრობი, ამიტომაც სრულიად ნეიტრალურ ადამიანს მაინტერესებს ერთი საკითხი - რატომ ჩავიდა თავის მოსაკლავად ამხელა მანძილზე და მთელი დღის განმავლობაში რატომ დადიოდა? ფსიქოლოგიურად დადგენილია, რომ თვითმკვლელობა გარკვეულ აფექტურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული. ამიტომაც ნაკლებად დასაჯერებელი იქნება ეს ვერსია, თუ ყველა კითხვას პასუხი არ გაეცა“, - ამბობს ალადაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, დროის გასვლის და მანძილის გავლის შემდეგ ადამიანს სუიციდის სურვილი უნდა გაუქრეს. ალადაშვილი ამბობს, რომ ის თვითმკვლელობის ვერსიას დიდად არ ემხრობა და თავად სამ ვერსიაზე საუბრობს. მისი აზრით, შესაძლოა, ეს იყოს თვითმკვლელობა, თვითმკვლელობამდე მიყვანა ან მკვლელობა. ყველა ამ ვერსიის დამტკიცებას კი მყარი მტკიცებულებები სჭირდება. ალადაშვილი ამბობს, რომ ბევრი საეჭვო გარემოებაა, ამიტომაც თვითმკვლელობის ვერსიის დამტკიცებას ყველაფერზე პასუხი სჭირდება.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ საეჭვოა „ფეისბუქ“ გვერდის გაუქმება; მეილიდან წაშლილი ინფორმაცია; ასევე მასზე შეღწევის გარკვეული მცდელობა; ლეპტოპიდან და ტელეფონიდან წაშლილი მიმოწერები; ასევე ჯერ კიდევ რეალურად არ გვაქვს ინფორმაცია ავტომობილი იქ ამ ხნის განმავლობაში იდგა თუ არა; გამქრალი „ფლეშკა“, არ ვიცით ტელეფონიდან განხორციელებული ზარების შესახებ და არ არის ცნობილი ანძების ამონაწერები. ამიტომაც ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ სანამ ამ ყველაფერს პახუსი არ გაეცემა, თვითმკვლელობის ვერსიის გამყარება გაჭირდება.

Temo " რატომ ჩავიდა თავის მოსაკლავად ამხელა მანძილზე და მთელი დღის განმავლობაში რატომ დადიოდა? ფსიქოლოგიურად დადგენილია, რომ
თვითმკვლელობა გარკვეულ აფექტურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული", ამბობს ბატონი ალადაშვილი. აფექტს გააჩნია - თუ ე.წ. ფიზიოლოგიურ აფექტთან გვაქვს საქმე, ის ძალიან ხანმოკლეა და ემოციურად ძალიან ინტენსიური. მაგრამ არსებობს ფსიქოლოგიური აფექტი, რომელის, როგორც წესი, გამოწვეულია სუბიექტზე სტრესული სიტუაციის ხანგრძლივი ზემოქმედებით და ასეთი აფექტური სიტუაცია შეიძლება რამდენიმე საათსაც გაგრძელდეს და, როგორც წესი, ამ დროს სუბიექტი მხოლოდ ემოციით ხელმძღვანელობს.
3 წლის უკან