რამდენიმე დღის წინ ინგლისის ქალაქ ბირმინგემის მერიამ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო. უახლოეს მომავალში ქალაქის საერთაშორისო აეროპორტს ცნობილი მუსიკოსი ოზი ოსბორნის სახელი დაერქმევა.
ოზი ოსბორნი 1948 წლის 3 დეკემბერს ამ ქალაქში დაიბადა. გასული წლის დასასრულს ბირმინგემელებს ჯგუფი „Black Sabbath”-ის დღეების ჩატარება სურდათ, მაგრამ ქალაქის მერიამ ამ წამოწყებას მწვანე შუქი არ აუნთო.
ოზი ოსბორნის განრისხებულმა თანაქალაქელებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ამ ინიციატივის უმთავრესი მიზანი ის გახლდათ, რომ ბირმინგემის აეროპორტს ბატონი ოზის სახელი დარქმეოდა. ცოტა ხანში რამდენიმე ასეული ათასი ხელმოწერა შეგროვდა.
ბირმინგემის მამებს უკან დახევა და პოპულარული მუსიკოსის სახელის მიმართ პატივისცემის გამოხატვა მოუწიათ. ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის იანვრის დასასრულს, ზემოთდასახელებულ საერთაშორისო აეროპორტს ოზი ოსბორნის სახელი საზეიმოდ მიენიჭება.
საინტერესოა, რომ დიდ ბრიტანეთში მუსიკოსის სახელი უკვე მეორე აეროპორტს დაერქმევა. პირველი ქალაქ ლივერპულში მდებარეობს და ჯონ ლენონის სახელს ატარებს.