„ბარსელონას“ პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბართომეუსა და ლიონელ მესის მამის, ხორხე მესის შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა. Mundo Deportivo-ს ცნობით, მხარეებმა თავიანთი პოზიციები არ დათმეს.
ბართომეუმ ლიონელის მამას, ძმასა და ადვოკატს განუცხადა, რომ მესი რონალდ კუმანის ახალ პროექტში მთავარია და მის გაყიდვას არანაირი ფორმით არ აპირებს. მეტიც, არგენტინელთან კონტრაქტის გახანგრძლივება 2023 წლის ზაფხულამდე სურთ. ბართომეუმ ეს ხორხეს მკაფიოდ განუცხადა.
თავის მხრივ, მესის მამამ „ბარსას“ ხელმძღვანელს აცნობა, რომ მის შვილს გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი და კონტრაქტის გაწყვეტა კიდევ ერთხელ მოითხოვა. საბოლოოდ, მხარეები ვერ მორიგდნენ, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით.
ისიც საგულისხმოა, რომ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, ხორხე მესიმ ჟურნალისტებს გაუცხადა, რომ მისი შვილის „ბარსელონაში“ დარჩენა რთული წარმოსადგენია.