„ორი სხვა და სხვა რამაა, როცა გაბრალებენ და როცა გამხელენ. ამ შემთხვევაში არის დაბრალება. არ შეიძლება ბრალდების მოტივი გახდეს ფარატინა ქაღალდი, რომელიც პრინტერზეა ამობეჭდილი და არანაირი „პატრიოტთა ალიანსი“ არ ფიგურირებს. ამ ფარატინა ქაღალდის საფუძველზე ან პროკურატურაში შეიტანო სარჩელი, ან მოსთხოვო აუდიტის სამსახურს გამოიძიოს ეს საკითხი, არის აბსურდი“, - ამ განცხადებით, სპეციალურ ბრიფინგზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გიორგი ლომია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქმედებაც გამოეხმაურა. უწყებამ პოლიტიკური პარტიის ფინანსური საქმიანობის შესწავლა დაიწყო.
ამ საკითხზე სპეციალურ ბრიფინგზე კომენტარი გააკეთა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა. „ის ფაქტი რომ სისხლის სამართლებრივი გამოძიება ჯერ კიდევ არ დაწყებულა ეს უკვე მეტყველებს ყველაფერზე. ამით „ქართული ოცნების“ მთავრობამ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“ არის ერთ სულ და ერთ ხორც“, - განაცხადა კანდელაკმა.
გამოძიების დაწყებას ითხოვს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე. „არის კონკრეტული ფაქტები, რასაც არ სჭირდება გამოძიება. რა ხდებოდა აფხაზეთში? ვის შეხვდნენ? რატომ და რითი გადმოვიდნენ“, - აცხადებს გოცირიძე.
„პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ განვითარებულ მოვლენებს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. „ნაცმოძრაობა და „პატრიოტთა ალიანსი“ არის ერთი ბნელი მედლის ორი მხარე. ისინი ერთად აკეთებდნენ წლების განმავლობაში რუსულ საქმეს საქართველოში. ეს არის მათთვის საერთო. ეს აერთიანებთ მათ და სწორედ ამის გამო სხედან ერთ მაგიდასთან. ვგულისხმობ „ნაცმოძრაობას“ მათ სატელიტებს და „პატრიოტთა ალიანსს“ და ბურჯანაძეს. დაუშვებელია ზოგადად ჯერ შავი ფულის ტრიალი „ქართულ პოლიტიკაში“ და მეორე, მითუმეტეს დაუშვებელია რუსული ფული ქართულ პოლიტიკაში“, - განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ, შესაბამისი ორგანოები რეაგირებას აუცილებლად მოახდენენ. „არ გვიკვირს ჩვენ ამ ხალხისგან რუსულ წრეზე ტრიალი და რუსული კონტაქტები. არანაკლებ საშიშები არიან ერთმანეთზე, ის ადამიანები, რომლებიც აშკარად რუსულ პოზიციებს აფიქსირებენ. ასევე ის ადამიანები, ვინც ამ პოზიციას არ აფიქსირებენ და რუსულ საქმეს აკეთებენ“, - განაცხადა მდინარაძემ.
რამდენად კანონიერად ფინანსდება პატრიოტთა ალიანსი - ამ საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური პარტიის ფინანსური საქმიანობის შესწავლა დაიწყო. ირმა ინაშვილის პარტიას მაკონტროლებელმა ორგანომ ოფიციალური წერილით უკვე მიმართა. მოკვლევის პერიოდში აუდიტის სამსახური დეტალურად შეისწავლის პარტიის შემოსავლებსა და ხარჯებს და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში საგამოძიებო უწყებას აცნობებს.
31 აგვისტოს, პროკურატურამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე შესული განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა.
ერთი კვირის წინ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ, „პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების შესწავლის მოთხოვნით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა.
:)
განსაკუთრებით, ეს ბოლი კითხვაა საინტერესო! ჩემი ინფორმაციით (წყაროს ვერ გავთქვამ!), ბრასის სტილით გადმოცურეს ენგური.