მე-9 მოწვევის პარლამენტის ბოლო საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა. ბიუროს სხდომა, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თვითიზოლაციაში ყოფნის გამო, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გახსნა.
მან კოლეგებს პირბადეების გაკეთებისკენ მოუწოდა და პარლამენტის ტექნიკურ პერსონალსა და აპარატის თანამშრომლებს პანდემიის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„გთხოვთ, გაიკეთეთ პირბადეები, მოკლე განცხადებების დროს შეიძლება თავს მოხსნის უფლება მივცეთ. საკმაო პაუზა გვქონდა სანამ შევუდგებოდით მუშაობას. საკმაოდ კარგად გაართვა პარლამენტმა, თითოეულმა ჩვენგანმა ამ სერიოზულ გამოწვევას თავი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის აპარატს, ტექნიკურ პერსონალს, დამლაგებლებს, რომლებიც ამ რთულ პერიოდში მაღალ დონეზე ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობებს. იმედია, რომ დღემდე ჩვენ მოვედით მშვიდობით და გავაგრძელებთ ქვეყნისათვის მნიშნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ბიუროს სხდომაზე 1-4 სექტემბრის დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს და ბიუროს წევრები ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს გაეცნენ.
განსახილველ საკითხებს არის „შრომის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომლის თანახმად, ახლებურად წესრიგდება შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვასთან, ინდივიდუალურ შრომით ურთიერთობებთან, შრომითი ურთიერთობის წარმოშობასთან და სამუშაოს შესრულებასთან, შვებულებასთან, შრომის ანაზღაურებასთან, სამუშაო ადგილზე ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გამართვასთან დაკავშირებული საკითხები. პარლამენტი ასევე განიხილავს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღებისთვის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწესებას ითვალისწინებს.
პარლამენტი საშემოდგომო სესიის პირველი კვირის პლენარული სხდომის ფარგლებში განიხილავს, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის“ შესახებ კანონში ცვლილებებია. ცვლილებების თანახმად, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება მაშინაც, თუ არის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული სტუდენტი - შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე. აპლიკანტს ამ უფლებით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ შეეძლება.
პარლამენტი საშემოდგომო სესიის პირველივე კვირაში, ოთხშაბათის პლენარულ სესიაზე განიხილავს „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებსაც.
ბიუროს წევრები საორგანიზაციო საკითხებსაც გაეცნენ, რომლებიც კანონპროექტების განხილვის ვადის გახანგრძლივებას და რიგი ინფორმაციების ცნობად მიღებას შეეხებოდა.