რა იპოვეს ექსპერტებმა ბაჩალიაშვილის ავტომობილში და რის დადგენას შეძლებს გამოძიება მისი ექსპერტიზით

რა იპოვეს ექსპერტებმა ბაჩალიაშვილის ავტომობილში და რის დადგენას შეძლებს გამოძიება მისი ექსპერტიზით

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან 45 დღის შემდეგ, არსებობდა მოლოდინი, რომ ავტომობილის ექსპერტიზა ბევრ რამეს იტყოდა. თუმცა როგორც ოჯახი და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, ჯერჯერობით ამ ექსპერტიზამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი თქვა. თუმცა, საქმეში კიდევ ერთი საეჭვო გარემოება ჩნდება - რატომ არ იყო ავტომობილის გამაგრილებელი სისტემა ჩართული მაშინ, როდესაც ახალგაზრდა პროგრამისტი რამდენიმე საათის განმავლობაში, ჩაკეტილი შუშებით გადაადგილდებოდა? იყო, თუ არა გამოყენებული ე.წ ბუქსირი?

კიდევ ერთი დეტალი, რაც აქამდე არავის შეუმჩნევია, ავტომობილის წინა მარჯვენა კარზე არსებული დაზიანებაა. რა ვითარებაში მიიღო მანქანამ ეს დაზიანება - შეკითხვას ექსპერტიზამ უნდა უპასუხოს. როდის ჩაირთო ავტომობილის ძრავი და რამდენი კილომეტრი გაიარა პროგრამისტმა - ეს საქმის კიდევ ერთი გაურკვევლობაა.

საქმის პროკურორმა კი ის თქვა, რომ გამოძიება ავტომობილის ტექნიკური შესაძლებლობითა და შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი საბურავების კვალით არის დაინტერესებული.

ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კი ამბობს, რომ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაზე ბუქსირის გამოყენება ვერ დადასტურდა, რადგან გარკვეული პერიოდია გასული და ექსპერტიზამ ზუსტი პასუხი ვერ გასცა.

მისივე თქმით, ამ ავტომობილს არ ჰქონდა კომპიუტერული მახსოვრობა და ისეთი რანგის კომპიუტერი, რომ ინფორმაცია ბოლომდე მიეღოთ.

„ამ სიცხეში, ივლისის თვეში, გადაადგილებისას კონდიციონერი იყო გამორთული, დაკეტილი იყო ოთხივე ფანჯარა. ეს უფრო მეტ ეჭვს ბადებს, რომ ეს ავტომობილი თავისით არ ახორციელებდა გადაადგილებას, ეს იყო გაჩერებული ავტომობილი, გამორთული იყო ყველაფერი და ფანჯრებიც იყო დაკეტილი. გარდა ამისა, აღმოვაჩინეთ, რომ გვერდით მჯდომი მგზავრის მხარე გარეთა მხრიდან იყო დაზიანებული, რომელზეც მამამ თქვა, რომ ეს გამორიცხული იყო და წინა დღეებშიც არ ყოფილა დაზიანებული“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე თქმით, ავტომობილს არ გააჩნია იმის მონაცემები, დადგინდეს რამდენი ხანი იდგა აღმოჩენის ადგილზე.

„ავტომობილის გასაღებზე მეხსიერების ბარათი არ არის, რამაც მამის მხრიდან აღშფოთება გამოიწვია იმიტომ, რომ წინა დღეზეც ჰქონდა გასაღებზე მეხსიერების ბარათი. უკანა მხარეს აღმოვაჩინეთ თმა, სადაც ცხედარი იყო აღმოჩენილი, ეს თმა ამოვიღეთ და დაილუქა. ამ ავტომობილს არ გააჩნია იმის მონაცემები, რომ დადგინდეს რამდენი ხანი იდგა. ზეთი ავტომობილში იყო ახალი გამოცვლილი, მაგრამ ბოლოს როდის იყო დაქოქილი, ეს მონაცემები არ აღირიცხება“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი ბესიკ ალადაშვილი for.ge-სთან აცახდებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ტექნიკური დათვალიერებიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა, ამიტომაც ოპტიმისტიური განწყობა დიდად არ აქვს, რომ იგი რაიმე განსაკუთრებული შედეგის მომცემი იქნება. ალადაშვილის თქმით, საუბარი იმაზე, რომ ავტომობილის კარი გარედან დაზიანებულია და მანამდე არ ყოფილა, ეს შესაძლოა ევაკუატორით აწევის დროს მომხდარიყო: „არ არის გამორიცხული და არსებობს დიდი ალბათობა, რომ ევაკუატორით აყვანის დროს დაზიანების კვალი დარჩეს. თუმცა დღეს უკვე რთული იქნება იმის დადგენა ეს დაზიანება რისგან არის გამოწვეული“. ამიტომაც ექსპერტი ამბობს, რომ ყოველთვის ავტომობილის სწრაფად დათვალიერებას და ექსპერტიზას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა ახლაც ბევრი რაღაცა ხელჩასაჭიდი ინფორმაცია მაინც შეიძლება მოგვცეს.

„ეს ავტომობილი გახსნეს თუ არა, მისი ექპერტიზა მაშნვე უნდა მომხდარიყო - გარე დათვალიერება მაინც. იქ სპეციალურად რკინის ჩასაბმელზე ნაკაწრი მაინც გამოჩნდებოდა. რაც შეეხება ავტომობილის შიგთავსს, როგორც ვნახე ინფორმაცია, უკანა სავარძელზე თმა არის აღმოჩენილი. ეს საკმაოდ საინტერესო ფაქტია და, ალბათ, გაირკვევა ვისი დნმ-ია. რაც შეეხება კონდენციონერს, როგორც პროკურატურის განცხადება მოვისმინე, ის ჩართული არ იყო. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის გოგონას გადაადგილების პერიოდშიც გამორთული იყო.

ამის დადგენა შეუძლებელია. ეს ავტომობილი, ბუნებრივია, გამორთული იპოვეს. დღევანდელი ინფორმაციით, უკვე პოვნის დროს კონდიციონერი არ მუშაობდა. როდესაც ავტომობილი უკვე კრიმინალისტებმა გახსნეს, მაშინვე ის უნდა დაექოქათ და მწყობრში მოეყვანათ, ამ შემთხვევაში ყველა ის ფუნქცია შესრულებას დაიწყებდა, რაც გამორთვამდე იყო. ეს იყო შიდა შუქები, მუსიკა, კონდიციონერი, მოსახვევი და ა.შ. თუ ამ შემთხვევაში კონდიციონერი არ ჩაირთო, მაშინ ფაქტია, რომ მანქანის გამორთვის დროს ის არ მუშაობდა. ან მეორე ვარიანტია, მუშაობდა, მაგრამ აკუმულიატორი დაჯდა და გაითიშა. ესეც უნდა შემოწმებულიყო. აი, ასეთი ე.წ. წვრილმანები, პატარა მოზაიკური ფილები, ბევრ მტკიცებულბებს გვაძლევს“, - ამბობს ალადაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ექსპერტიზას ასევე შეუძლია იმის დადგენა, ავტომობილში მანქანა გარედან იყო ჩაკეტილი თუ შიგნიდან. თავიდანვე გაცხადდა ინფორმცია, რომ გასაღები ავტომობილში თავის ადგილზე შიგნით იყო და ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს საინტერესო თემაა, რადგან ზოგიერთ ავტომობილს აქვს ისეთი ფუნქცია, რომლის მიხედვითაც ავტომობილი რამდენიმე წამის შემდეგ ავტომატურად თვითონ იკეტება. ამ ყველაფერს კი შესწავლა უნდა, რადგან გარედან და შიგნიდან ავტომობილში ჩაკეტვას გამოძიებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ანალიტიკოსის თქმით, მას იმის მოლოდინიც არ ჰქონდა, რომ ავტომობილის ექსპერტიზა ასე სწრაფად დამთავრდებოდა.

„ჩემი აზრით ავტომობილი შიგნიდან საერთოდ უნდა დაშლილიყო. საბარგულიდან დაწყებული თვითონ სალონით დამთვრებული შემოწმება უნდა მომხდარიყო. დღეს კრიმინალისტიკა ისეთ დონეზეა, რომ სისხლის ან სხვა რაიმე პატარა კვალსაც კი პოულობენ. რაც შეეხება იმაზე საუბარს, რომ ავტომობილებს აქვთ ნავიგაცია და აჩვენებს მოძრაობის მარშუტს, ეს ყველა მოდელს არა აქვს. ამიტომ ზუსტად გასარკვევია ბაჩალიაშვილის ავტომობილი რა შესაძლებლობის მქონეა.

წარმოიდგინეთ ერთ-ოთახიანში გარდაცვლილი იპოვნო და მტკიცებულებების შეგროვება იქ უნდა მოხდეს. თუ გოგონა ავტომობილშია გარდაცვლილი, ან შემდეგ არის იქ მოთავსებული, ავტომობილი ამაზე ბევრ რამეს, წესით, იტყვის. უნდა შემოწმდეს თითის ანაბეჭდები: მინებზე, სარკეზე, იგივე გადაცემათა კოლოფზე, ბოლოს ვინ შეეხო. იქ გოგონას თითის ანაბეჭდები აუცილებლად უნდა იყოს. თუ არ აღმოჩნდა, მაშინ საგანგაშოა, ესე იგი გაწმენდილია. თუ სხვისი აღმოჩნდა, მაშინ დასადგენია, ვისია და ა.შ.“, - ამბობს ალადაშვილი for.ge-სთან.

კრიმინალისტი ზაზა ალთუნაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ აღმოჩენის მომენტში, კონდენციონერი, შესაძლოა, მაშინ იყო გამორთული, ხოლო ექსპერტიზა იმას ვერ დაადგენს, ბაჩალიაშვილს გადაადგილების დროს ჩართული ჰქონდა თუ არა. კრიმინალისტი ამბობს, რომ ჯერ კიდევ დასადგენია, ეს იყო კლიმატკონტროლი თუ კონდიციონერი. მისივე თქმით, უკვე დათვალიერების ოქმში უნდა იყოს გარკვევით ჩაწერილი ავტომობილის კარები შიგნიდან იყო ჩაკეტილი თუ გარედან. ამას ექსპერტიზა არ ჭირდება და პირველივე დღეს, როდესაც მანქანა გახსნეს, ეს დეტალები მაშინვე უნდა აღეწერათ.

„კარები საიდან იყო ჩაკეტილი, ამას წინასწარი დათვალიერების დროს უკვე დაადგენდნენ. აბა, ავტომობილი როგორ გახსნეს?! ზეთით და მატორის სიმხურვალით იმის დადგენა, როდის მოხდა ავტომობილის გაჩერება, ზღაპრებია. ზეთის ჩამოწურვა ორ საათში ხდება. ასევე ავტომობილი 8 საათი თუ დგას, ეს უკვე გაგრილებული ძრავია. რა ტემპერატურაზეა საუბარი, ზედმეტი ილუზიები იქმნება. ავტომობილმა სხვა რაღაცეებზე უნდა თქვას დამატებით იფორმაცია. იქ არის ნაწილაკები, მიკროსხეეულები, ავტომობილი რით იყო დაკეტილი, პულტით, გასაღებით... მთელი ნიუანსებია. ეს გასაღები იყო თუ არა „ზამოკში“ დასაქოქ ადგილას, იყო თუ არა ჭკვიანი გასაღები, ძალიან ბევრი დეტალია. ყვეელა ავტომობილს ჯიპიესი არა აქვს და, შესაძლოა, ბოლო მოდელის ახალი წლების ავტომობილსაც არ ჰქონდეს. დნმ-ის კვალის დადგენა ავტომობილში აქამდე უნდა მომხდარიყო. მანქანაში ტემპერატურა დიდი იყო. დახურულში ტემპერატურა 70%-მდეც ადის და გასაკვირი არ არის სხეულის ამ მდგომარეობამდე მისვლა“, - ამბობს კრიმინალისტი ზაზა ალთუნაშვილი for.ge-სთან.

Katana . რა სისულელეებს ბოდიალობს ეს ხალხი?!
ვინ და რითი დაადგინა, რომ გამორთული კონდიციონერით მოძრაობდა?
თუ, როცა იპოვეს - 4 დღის მერე! - ჩამქრალ მანქანაში რომ კონდიციონერი არ მუშაობდა, იმაზე შეატყვეს?
ალადაშვილი რასაც ლაპარაკობს, ერთადერთი ეგ არის ყურადსაღები!
3 წლის უკან
ზურაბი რამიშვილისნაირი ხალხი მაოცებს, რა ინტერესი აქვთ გასაგებია,მაგრამ ასეთი უძირო პროვოკატორობა საიდან მოდის?
3 წლის უკან