ირაკლი სესიაშვილი: ოპონენტები თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ

ირაკლი სესიაშვილი: ოპონენტები თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით ოპონენტები თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ. ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მიმაჩნია რომ ამ ტრაგედიით პოლიტიკური მიზნებისთვის სპეკულაცია, ვერსიებით მანიპულაცია და ყველაფერთან დაკავშირებით სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაცია არის აბსოლუტურად დაუშვებელი.

სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს სჩვევიათ პოლიტიკური მიზნებისთვის ყველა საშუალების გამოყენება თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ასევე შევეხები იმ განცხადებებს, იარაღის ვაჭრობასთან დაკავშირებით, ეს არ არის მარტო პოლიტიკური მიზნების, არის თემები სადაც ჩვენ ძალიან ფრთხილი და მოზომილები უნდა ვიყოთ, მითუმეტეს როცა ვსაუბრობთ რეალობას აცდენილ ფაქტებზე. როცა ეს ეხება ჩვენს მეზობლებს და მათ შორის არსებულ კონფლიქტებს, აქ ჩვენი ქვეყნის მიზანმიმართულად ჩართვა და ამის სურვილი უკვე ააშკარავებს მათ პოლიტიკურ ამოცანას და მიზანს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სუს-ი თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ შესაძლო თვალთვალის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.