ძაბირაძე: „საჭიროა მკაცრი გაფრთხილებები და რაც შეიძლება მეტი უცხოელი დამკვირვებელი“

ძაბირაძე: „საჭიროა მკაცრი გაფრთხილებები და რაც შეიძლება მეტი უცხოელი დამკვირვებელი“

„დღეს საქართველოში არჩევნებზე მნიშვნელოვნად მუშაობს უცხოეთის ფაქტორი და ეს ფაქტორი უნდა იყოს გაძლიერებული“, - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ საუბრისას საქართევლოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

ელჩის ცნობით, ეუთო/ოდირი აპირებს გამოაგზავნოს როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი დაკვირვებლები საქართველოში. გარდა ამისა, დეგნანმა ასევე კომენტარი „ქართული ოცნების“ ინიციატივასთან დაკავშირებითაც გააკეთა, რაც ამომრჩეველთა დაშინების და მოსყიდვასთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

„ყველა მცდელობა, აღმოფხვრას დაშინება, ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, პრობლემები რაც საქართველოს არაერთხელ ჰქონია წინა წლების განმმავლობაში, ძალიან კარგი წინგადადგმული ნაბიჯია. მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი მისი სრულყოფილად განხორციელებაა, რაც ხელს შეუწყობს უფრო გამჭვირვალე, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას“, - აღნიშნა ელჩმა.

როგორც ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, ახალი კანონი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, თუმცა მისი აღსრულების მექანიზმია საეჭვო. იგი არც ახლანდელ არჩევნებში მოელის რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას, რადგან აქამდე არცერთი ხელისუფალი არ ცდილობდა ამ კუთხით რაიმეს შეცვლას.

„ვისურვებდი, რომ დამკვირვებელთა რაოდენობა და თავად დაკვირვების ხერხები, მართლაც უპრეცენდენტო ყოფილიყოს ამ არჩევნებში. ეს პირველ რიგში წაადგება ქვეყანას და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.

„რაც შეეხება ელჩის განცხადებას, კანონი, რა თქმა უნდა, ზოგადად კარგია, მაგრამ მთავარი ფაქტორი არის ის, თუ რამდენად იქნება ის მოქმედებაში მოყვანილი. საქართველში არსებობს კანონმდებლობა, რომლის მიხედვით ყოველთვის შეიძლებოდა რაღაც გადაცდომებზე რეაგირება. მაგრამ მე ასეთი ფაქტი ამ 30 წლის განმავლობაში არ მახსოვს, რომ ახალ ან ძველ პოლიტიკურ ძალას ხელისუფელბაში მოსულს ამ მხრივ რაიმე ნაბიჯები გადაედგას. ამ მხრივ ყველაზე აღიარებული იყო 2003-ში, როდესაც ტელეთერითაც ხდება იმის გადაცემა, თუ რა ხდებოდა უბნებზე და როგორი განუკითხაობა იყო, მიუხედავად ამისა, ხელისუფლებაში მოსულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთი ფაქტიც არ დადო, თუ ვინ და როგორ გააყალბა არჩევნები. არ გამოიძია, მარტივად რომ ვთქვათ.

„ისევე როგორც „ქართულმა ოცნებამ“ 2012-ში მოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ყველა საარჩევნო ოლქში ყველაფერი იყო კარგად, მაშინ, როდესაც ხაშურის ოლქში ისეთი ინცინდენტები ხდებოდა... ამიტომ, რომ ვთქვა, კანონში ცვლილებების შეტანით, ან თუნდაც ხელისუფლების ცვლილებით რამე შეიცვლება-მეთქი, ძალიან მეეჭვება“,- თქვა ძაბირაძემ.

მისივე შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, უცხოელი დამკვირვებლების მაღალი ჩართულობა არჩევნების პროცესში.

„ამიტომ საჭიროა იყოს მკაცრი გაფრთხილებები არა მხოლოდ საჯარო, არამედ კულუარული და დიპლომატიური საშუალებებით ხელისუფლებასთან.

„ჯობს, რომ უცხოელი დამკვირვებლები იყვნენ რაც შეიძლება მეტი, რათა არა მხოლოდ არჩევნების შემდეგ, არამედ არჩევნებამდეც შეძლონ სიტუაციის ისე დარეგულირება, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მიხვდეს, რომ რაღაც გადახრები არ იქნება გამართლებული. დღეს საქართველოში არჩევნებზე მნიშვნელოვნად მუშაობს უცხოეთის ფაქტორი და ეს ფაქტორი უნდა იყოს გაძლიერებული“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან“.