ძაბირაძე პატრიოტთა ალიანსის ბანერზე: „თუ ამას საზოგადოების მხრიდან რეაქცია არ ექნება, მაშინ დავღუპულვართ და ეგაა

ძაბირაძე პატრიოტთა ალიანსის ბანერზე: „თუ ამას საზოგადოების მხრიდან რეაქცია არ ექნება, მაშინ დავღუპულვართ და ეგაა"

„თუ ამბობენ, რომ აჭარაც ისეთივე ოკუპირებულია, როგორც აფხაზეთი და ოსეთი, მაშინ ეს არის ზოგადად სახელმწიფოს შეურაცხყოფა", - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას „პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო ბანერს, რომელზედაც აჭარაც იმავე ფერითაა მონიშნული, როგორც ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.

ბანერი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზეა განთავსებული. მასზე აღნიშნულია საქართველოს რუკის კონტური, რომლიდანაც წითელი ფერით გამოყოფილია აფხაზეთი, ე.წ. სამხრეთი ოსეთი და აჭარა. ბანერზე ასევე გაკეთებულია წარწერა: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!"

ამასთან, სავარაუდო საფრთხის მისანიშნებლად გაკეთებულია თურქეთის მხრიდან აჭარისკენ მიმართული ისრები.

როგორც პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, ამ ბანერით „პატრიოტთა ალიანსი" ყურადღების გადატანას ცდილობს. მისი თქმით, ასეთი ნარატივი რუსეთის ინტერესების გატარებას ემსახურება.

„ალბათ „პატრიოტთა ალიანსი" მიიჩნევს, რომ აჭარაც ისევეა ოკუპირებული, როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ეს არის საარჩევნო პოლიტიკური პიარი. მაგრამ რამდენად ეფექტურია ან გამართლებული - ასეთი რამ რთული სათქმელია. მითუმეტეს, როდესაც ასეთი რამ ხდება ბანერებზე. ვფიქრობ, რომ ეს არ არის გამართლებული და სწორი ნაბიჯი.

„საქმე ისაა, რომ ძალიან მარტივი სვლაა ასეთი მინიშნებები და მიდგომა. მაშინ რა ვქნათ? ჩავკეტოთ საზღვარი? თუ საბჭოთა კავშირში გვაბრუნებენ? უბრალოდ ცდილობენ, რომ ყურადღება გადაიტანონ და გვეუბნებიან, რომ თუ რუსეთი ოკუპანტია, მაშინ თურქეთიც ოკუპანტია.

„რუსული ოკუპაციის და აჭარის ერთ რანგში განხილვა არანაირად არ შეიძლება. სრულიად გაუგებარია. ამიტომ, რეალურად ამას მათი მხრიდან უნდა მოჰყვეს სერიოზული განმარტებები. დღეს ჩვენთვის თურქეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორი. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ „ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო", მაშინ ამაზე უნდა ილაპარაკონ. თუ ამბობენ, რომ აჭარაც ისეთივე ოკუპირებულია როგორც აფხაზეთი და ოსეთი, მაშინ ეს არის ზოგადად სახელმწიფოს შეურაცხყოფა", - თქვა ძაბირაძემ.

ძაბირაძის შეფასებით, ასეთი გზით „პატრიოტთა ალიანსი" არჩევნებში დამატებით ხმებს ვერ მოაგროვებს, რადგანაც, მისი შეფასებით, საზოგადოება ასეთ მარტივ პროვოკაციას არ წამოეგება.

„ეს აღარ არის ახალი ლოზუნგი მათი მხრიდან: „თურქეთი ოკუპანტია" - დაახლოებით ამ სტილში რუსეთ-თურქეთის ერთ დონეზე დაყენება. ისინი ცდილობენ ყურადღება გადაიტანონ. არ მგონია ამით მათი მომხრეები მნიშვნელოვნად გაიზარდონ, ეს არ არის მხოლოდ მომხრეებისთვის განკუთვნილი ბანერი და არც მხოლოდ საარჩევნო კამპანიაზე. „პატრიოტთა ალიანსი" ცდილობს ამით როგორმე მეთოდურად გადაფაროს რუსეთის ქმედებები. პრინციპში, გარკვეულ ამომრჩევლებში ახდენენ კიდეც ამას. მაგრამ, ზოგადად, საზოგადოება იმდენად მაინც ვართ პოლიტიკურად გაზრდილი, რომ ასეთ მარტივ და სახელმწიფოსთვის არცთუ მომგებიან საკითხზე არ გავაკეთოთ აქცენტი", - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ამ ბანერს საზოგადოების მკაცრი რექცია მოჰყვეს.

„საზოგადოების მხრიდან ამას რეაქცია უნდა მოჰყვეს. ხალხი თუ ისევ ჩაიკმინდავს ხმას, გაჩუმდება და იტყვის - „კი, ეს ორი თემა ერთ რანგშია განსახილველი", მაშინ დავღუპულვართ და ეგაა. საზოგადოების და მედიის რეაქცია უნდა იყოს ძალიან დიდი", - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

აღსანიშნავია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" აპირებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართოს და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" სარეკლამო ბილბორდის კანონთან შეუსაბამობა გააპროტესტოს

სოციალისტი ვახო შენ როცა ლ.ბერძენიშვილი გაიცანი იმ დღის მერე ხარ უიმედოდ "დღუპული"!!!
4 წლის უკან
სოციალისტი ასეც ვიცოდი, აჰა წინასაარჩევნოდ გაჩაღდა ნამდვილი პუნიკური ომი "პატრიოტთა ალიანსის" წინააღმდეგ! ქართლი ოცნებისა და "ევროპული საქართველოს" (მომავალი კოალიცია) გაერთიანებული ჯარებით გადავიდნენ პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ გადამწყვეტ შეტევაზე დევიზით "პატრიოტთა ალიანსი (კართაგენი) ჯერ დისკრედიტირებული უნდა იქნეს დამერე საერთოდ ჩაიხსნას არჩევნებიდან!!!
რა მიზანს ისახავს ეს ომი?
- მხოლოდ ერთ მიზანს- საქართველოს პოლიტიკური ნველი ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს ეროვნული ძალებისაგან!
4 წლის უკან