საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დიდი ალბათობით რვა ერის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს. თავდაპირველად ახალ ტურნირში იაპონიას უნდა ეთამაშა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო „საკურები“ რვა ერში ვერ ჩაერთვებიან. იაპონიას სავარაუდოდ „ბორჯღალოსნები“ შეცვლიან და რაც ყურადსაღებია, ამ ინფორმაციას ისეთი ავტორიტეტული წყაროები ავრცელებენ, როგორებიც BBC და The Guardian-ია.
„ვიცი, რომ იაპონიას გარკვეული პრობლემები აქვს მგზავრობასთან დაკავშირებით და დგას იგივე პრობლემების წინაშე, როგორც გლობალური სამყარო. თუ ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ალტერნატიულ ვარიანტებზე ვიმუშავებთ, გვინდა, რომ ტურნირი რვა გუნდიანი იყოს“, - თქვა ინგლისის რაგბის კავშირის გენერალურმა დირექტორმა ბილ სვინმა.
რვა ერის გათამაშება 14 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე უნდა გაიმართოს. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ნაკრების ტურნირში მონაწილეობა გაოფიციალურდება, ჯგუფში საფრანგეთთან, შოტლანდიასთან და იტალიასთან ერთად ითამაშებს. მეორე ჯგუფიც რვა გუნდით დაკომპლექტება და ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გუნდები კიდევ თითო მატჩს ჩაატარებენ - ერთი ჯგუფის პირველადგილოსანი მეორე ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება და ანალოგიურად დანარჩენ სამ შემთხვევაშიც.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრები 24 ოქტომბერს, მარიფილდზე შოტლანდიის ნაკრებთან სპარინგმატჩს გამართავს.