რა აღმოაჩინა თურქეთმა შავ ზღვაში?!

რა აღმოაჩინა თურქეთმა შავ ზღვაში?!

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთმა შავ ზღვაში ქვეყნის ისტორიაში ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მარაგი აღმოაჩინა. მისი შეფასებით, გარდა იმისა, რომ ენერგეტიკა განვითარების აუცილებელი ელემენტია, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ენერგეტიკული რესურსები თურქეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. 2023 წლისთვის ეს ბუნებრივი აირი თურქი ხალხის განკარგულებაში იქნება“, -  განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, რომ შავი ზღვის რეგიონში ბუნებრივი აირის ახალი მარაგების აღმოჩენის შანსები მაღალია.

ახლად აღმოჩენილი მარაგი 320 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივ აირს მოიცავს. ეს მარაგი ბულგარეთისა და რუმინეთის საზღვრების მხარესაა მიკვლეული.

რას შეცვლის ამ მარაგების აღმოჩენა თურქეთისთვის და შავ ზღვაში საქართველოს მხარესაც თუ არის შესაძლებელი ბუნებრივი აირის მარაგების მიკვლევა?

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ერდოღანის განცხადება დაზვერილი მარაგების შესახებ კრიტიკულად გადასამოწმებელია, თუ რამდენად რეალურია ასეთი მარაგის არსებობა.

ანალიტიკოსის შეფასებით, 320 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი საკმაოდ დიდი ოდენობაა. აქედან გამომდინარე, თურქეთისთვის ეს სერიოზული ფაქტორი იქნება. ძნელია იმის თქმა, ამით მიაღწევს თუ არა თურქეთი ენერგოდამოუკიდებლობას, რადგან ამ მოცულობის მარაგების ათვისებას მილიარდობით დოლარის ინვესტიცია სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ეკონომიკა არ არის ურიგო მდგომარეობაში, ამ ოდენობის თანხა მაინც ძნელია გამოიძებნოს, ამას დროც სჭირდება, ბევრი სხვა ფაქტორიცაა, რომ ეს მარაგები ამუშავდეს.

„საერთოდ, არ არის ურიგო, როცა ქვეყანა ცდილობს ენერგომატარებლების ახალი წყაროების მოძიებას, თუკი აქ ყველაფერი გასაგებია და თურქეთის კუთვნილ შელფზეა განხორციელებული ეს დაზვერვითი სამუშაოები. მაგალითად, თურქები კვიპროსთან ასევე აწარმოებენ საძიებო სამუშაოებს და იქ უაღრესად სადავოა საბერძნეთთან და კვიპროსთან დაზვერილი მარაგების საკითხი, რაც კონფლიქტურ სიტუაციას ქმნის ნატოს წევრ ამ ორ სახელმწიფოს შორის და ასე მარტივი არ იქნება ამ პრობლემების გადაწყვეტა“, - განმარტავს ვაჟა ბერიძე.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რევაზ არველაძე for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ შავ ზღვაში ბუნებრივი აირის არსებობა არავისთვის დაფარული არ არის და ეს ცნობილი ამბავია. საქართველოს მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ეს მარაგი ჯამში ბევრია, მაგრამ თითოეულ ადგილას იმდენად ცოტ-ცოტაა გაფანტული, რომ ეს მნიშვნელოვან შედეგს არ მოგვცემს.

„რაც შეეხება თურქეთს, იქ რა აღმოაჩინეს, ნამდვილად არ ვიცი. თუ მართლაც რეალურია ეს მარაგები, რაზეც თურქები საუბრობენ, კარგი იქნება თურქეთისთვის, რადგან მათ მიერ გაზის მოხმარება ძალიან დიდია. თუკი ენერგოდამოუკიდებლობაზეა საუბარი, ძალიან დიდი ამბავია თურქეთისთვის და ცუდია რუსეთისთვის, რადგან საკმაოდ დიდი რაოდენობით ბუნებრივ აირს თურქეთი რუსეთისგან იღებს, ასევე, აზერბაიჯანისგანაც საქართველოს გავლით. აზერბაიჯანისგან თურქეთისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის რაოდენობა სადღაც 6-7 მილიარდი კუბური მეტრის ტოლია წელიწადში, აქედან 5% ჩვენია, ანუ სადღაც 300- 350 მილიონი კუბური მეტრი, მაგრამ ახლა რომ ხორციელდება ახალი გაზსადენი, რომელმაც აზერბაიჯანიდან ევროპას უნდა მიაწოდოს გაზი, იქიდან დაახლოებით მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი საქართველოს ეკუთვნის. ხოლო, თუ თურქეთმა იმდენი მარაგი აღმოაჩინა შავ ზღვაში და ამ მარაგის მოპოვებაც დაიწყო, რომ აზერბაიჯანიდან აღარ დასჭირდება გაზის მიწოდება, მაშინ საქართველოც საკმაოდ სერიოზულად დაზარალდება. ისე კი, 320 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შეკუმშულად, ერთ ადგილას თუ აღმოაჩინა თურქეთმა, ეს უზარმაზარი აღმოჩენა არ არის, მაგრამ დიდი აღმოჩენა ნამდვილად არის“, - აცხადებს რევაზ არველაძე.

რაც შეეხება შავი ზღვის საქართველოს მონაკვეთს, ენერგეტიკოსი განმარტავს, რომ აქ არ არის ბუნებრივი აირის უზარმაზარი მარაგები, ზოგიერთები ამბობდნენ, თითქოს ნინოწმინდასთან 5 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ნახეს, მაგრამ ეს უფრო კომერციული მიზნებისათვის სჭირდებოდათ, რომ ვითომც სერიოზული გარღვევა აღმოჩნდა.

Aburjga Tasmanieli ეტყობა ამ სულაძაღლებულმა ერდოგანმა "ფრონტერას" პიარ მენეჯერები დაიქირავა კონსულტანტებად!
1 თვის უკან
არაგველი641 Aburjga Tasmanieli - ჩაგეთვალა!
1 თვის უკან