ბოლონიას მწვრთნელს სინიშა მიხაილოვიჩს, რომელიც ლეიკემიაზე მკურნალობს, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ იტალიურმა კლუბმა განაცხადა. France24-ის ცნობით, კლუბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სერბ სპეციალიტს სიმპტომები საერთოდ არ აქვს.
„პარასკევს, ბოლონიაში დაბრუნების შემდეგ, მან Covid19-ზე ტესტი ჩაიტარა და დადებითი შედეგი დაფიქსირდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
51 წლის მწვრთნელი, პროტოკოლის შესაბამისად, ორკვირიან იზოლაციაში გადავიდა. გარდა ამისა, კვლევა ჩაუტარდება საფეხბურთო გუნდის ყველა წევრს.
სერია A 19 სექტემბერს განახლდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.