ნატო-ს განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს მტკიცება, რომ „გარე ძალები“ ქვეყნის საზღვართან ჯარების მობილიზებას ახდენენ, უსაფუძვლოა. მანამდე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ნატო ქვეყნის დაშლას და მინსკში ახალი პრეზიდენტის დასმას ცდილობს.
მისივე თქმით, პოლონეთსა და ლიეტუვაში შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოდიან და მან საკუთარი ჯარები ქვეყნის დასავლეთ საზღვრის გასამაგრებლად გაგზავნა.
BBC-ის ინფორმაციით, ნატო აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენს ბელარუსისთვის ან რომელიმე ქვეყნისთვის და აღნიშნულ რეგიონში არანაირ სამხედრო მობილიზებას არ ახორციელებს. ნატო განმარტავს, რომ თავდაცვით პოზიციას მტკიცედ იცავს.
ნატო ბელარუსს მოუწოდებს, მისი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს პატივი სცეს.
ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით კი, ლუკაშენკოს რეჟიმი ცდილობს „წარმოსახვითი გარე საფრთხეების შესახებ სრულიად უსაფუძვლო განცხადებებით ყურადღება საერთაშორისო პრობლემებზე გადაიტანოს“. პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი განმარტავენ, რომ ეს განცხადებები ბელარუსის მხრიდან პროპაგანდაა და პოლონეთს მსგავსი განზრახვა არ აქვს.