„ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიას აქტიურად განაგრძობს, გუნდის ლიდერები რეგიონებში მაჟორიტარ კანდიდატებს საზეიმოდ წარადგენენ, თუმცა ივანიშვილი არცერთ ამ ღონისძიებაზე არ გამოჩენილა. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ამის მიზეზი ისაა, რომ მმართველი გუნდის ლიდერები პოლიტიკურად გაიზარდნენ და საარჩევნო კამპანიას კარგად უძღვებიან.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვაზე თუ რატომ არაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, უპასუხა, რომ „ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, რაც ჩართულია საარჩევნო კამპანიაში".
როგორც „რეზონანსთან" საუბრისას ძაბირაძე ამბობს, ივანიშვილი, დიდი ალბათობით, საარჩევნო სიის დაკომპლექტებაშია ჩართული და „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამისა და სიის პრეზენტაციისას გამოჩნდება.
„ქართული ოცნების" რეიტინგიდან გამომდინარე და გამომდინარე იქიდან, თუ ოპოზიციურ ფლანგზე რა ხდება, „ოცნებას" იმის აუცილებლობა არ აქვს, რომ ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში ჩართოს.
„სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკური ვითარება ისეთია, რომ „ქართულ ოცნებას" შესაძლოა კოალიციაც კი არ დასჭირდეს, იმდენად წარმატებული კამპანია აქვთ. გუნდს, რომელსაც ეს საარჩევნო კამპანია მიჰყავს - კალაძე, გახარია, თალაკვაძე, პლიუს კობახიძე - საკმაოდ დახვეწილი ტაქტიკა აქვთ. ეს გუნდი პოლიტიკურად გაიზარდა, ამიტომ ივანიშვილის გამოჩენა მაინცდამაინც აუცილებელი არაა. თუ აუცილებელი გახდება, რა თქმა უნდა გამოჩნდება, თუმცა ვხედავ, რომ ჯერჯერობით ამისი აუცილებლობა არაა.
„ბუნებრივია, ივანიშვილი სიის დაკომპლექტებაში იქნება ჩართული და ალბათ „ქართულ ოცნებას" როცა სიის პრეზენტაცია ექნება, იქ აუცილებლად გამოჩნდება და ალბათ ორ სიტყვას იტყვის. პროგრამას და სიას ალბათ ერთდროულად წარადგენენ.
„ისეთი აქტიური ჩართვა, როგორიც 2016 წელს იყო, დღეს ივანიშვილის მხრიდან აუცილებელი არაა და თავად საჯარო გამოსვლების მოყვარული რომ არაა, ესეც ცნობილია.
„ივანიშვილის აჩრდილი „ქართულ ოცნებას" მუდამ დასდევს. ყველამ ვიცით, რომ საბოლოო გადაწყვეტილებებს ის იღებს. დარწმუნებული ვარ სიის ფორმირებაში მონაწილეობს და საკმაოდ დეტალურადაც სწავლობს, რომ სიაში ვინმე ისეთი არ მოხვდეს, რომელიც შემდგომ პრობლემებს შეუქმნის," - განაცხადა ძაბირაძემ.
„რეზონანსის" კითხვაზე, შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის გარეშე საპარლამენტო არჩევნების მოგებას, ძაბირაძემ თქვა, რომ თუ პარტიაში ერთობას შეინარჩუნებენ - შეძლებენ.
„საკმაოდ რთული თემაა მე სხვაგვარად ვიტყოდი - თუ პარტიის შიგნით არსებულ ვითარებას და განლაგებას შეინარჩუნებს, მოიგებს. დავუშვათ არაა ივანიშვილი, მაშინ გახარია კობახიძისთვის, თალაკვაძისთვის და კალაძისთვის არის პრემიერი თუ არა?
„დღეს „ქართულ ოცნებაში" ივანიშვილი უფრო შემკვრელი ფიგურაა, ვიდრე ყინულმჭრელი და მედროშე. თუ გუნდი შეკრული დარჩება, ივანიშვილი არც დასჭირდება და მოიგებენ. მაგრამ ამის გარანტია სადაა? ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, გუნდები მარტივ მამრავლებად იშლებიან. ჩვენ ვსაუბობთ, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ გვაქვსო, მაგრამ რეალურად არც შიდაპარტიული დემოკრატია არ გვაქვს", - განაცხადა ძაბირაძემ.