თომას დე ვაალი ბელარუსზე: მთავარი შეკითხვაა, როგორ იმოქმედებს რუსეთი

თომას დე ვაალი ბელარუსზე: მთავარი შეკითხვაა, როგორ იმოქმედებს რუსეთი

ექსპერტი კავკასიის საკითხებში თომას დე ვაალი ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს Twitter-იდან ეხმაურება.

ანალიტიკოსი წერს, რომ ბელარუსის კრიზისი ღრმავდება, ლუკაშენკო 26-წლიან ძალაუფლებას კარგავს და ახლა ერთი დიდი შეკითხვაა „ჰაერში გამოკიდებული“ - როგორი იქნება რუსეთის პასუხი.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ თუ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან რუსეთის 25-წლიან ურთიერთობებს გადავავლებთ თვალს, ეს „ძაფი“ ნამდვილად არ ასახავს პოზიტიურად რუსეთის თვისებებს.

მისივე შეფასებით, ბელარუსი შეიძლება, უფრო რთული და განსხვავებული იყოს მოსკოვისთვის, მაგრამ პუტინისთვის ეს სასურველი ვარიანტია, რომ პოლიტიკური ტრანზიცია გააკონტროლოს.

თუმცა მისივე შეფასებით, ჯერ ეს საკითხი რუსეთისთვის სირთულეს წარმოადგენს, ექსპერტის თქმით, 2003 წელს, მოსკოვის წარგზავნილი იგორ ივანოვი „ვარდების რევოლუციისას“ ასეთი შედეგის მიღებას ცდილობდა.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ლუკაშენკოს გადადგომასა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას, ერთ კვირაზე მეტია, ითხოვენ.

17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“.

მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.