ოფიციალურად:

ოფიციალურად: "გენტის" ახალი მწვრთნელი ცნობილია

ბელგიური „გენტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლასლო ბოლონი ოფიციალურად დაინიშნა. ბელგიელთა ვებგვერდის ცნობით, რუმინელმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამრიგად, გიორგი ჩაკვეტაძესა და გიორგი ქვილითაიას ძალიან გამოცდილი 67 წლის რუმინელი გაწვრთნის.

ბოლონმა იეს თორუპი შეცვალა, რომელიც სეზონის სტარტზე განცდილი ორი მარცხის გამო გუნდიდან დაითხოვეს. დანიელი „გენტს“ 2018 წლიდან ავარჯიშებდა, გასულ სეზონში ბელგიის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო 2019 წელს ბელგიის თასის ფინალში გაიყვანა.

რაც შეეხება ლასლო ბოლონს, „ნანსიში“, რუმინეთის ნაკრებში, „რენში“, „მონაკოში“, „სპორტინგში“, „ალ-ჯაზირაში“, „სტანდარდში“, „ალ-ბაჰდაში“, „ლანსში“, პაოკ-ში, „ალ-ჰორში“, „ალ-იტიჰადსა“ და „ანტვერპენში“ უმუშავია. ერთხელ ბელგიის ჩემპიონი გახდა, ორჯერ ბელგიის სუპერთასის გამარჯვებული, ხოლო თითოჯერ პორტუგალიის ჩემპიონობა, თასისა და სუპერთასის მოგება მოახერხა. გარდა ამისა, გასულ სეზონში "ანტვერპენი" ბელგიის თასის ფინალში გაიყვანა, სადაც მისმა გუნდმა მოიგო, მაგრამ ფინალის დროს ის უკვე აღარ მუშაობდა მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

საინტერესოა, რომ ლასლო ბოლონი ლისაბონის „სპორტინგში“ კრიშტიანუ რონალდუს პირველი მწვრთნელი იყო პროფესიონალურ ფეხბურთში.