სერგი კაპანაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის არანაირი შეფერხება არ შეექმნათ

სერგი კაპანაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის არანაირი შეფერხება არ შეექმნათ

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობას ეხმიანება.

სერგი კაპანაძის თქმით, საერთაშორისო დამკვირებლების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, რათა არჩევნები იყოს აღქმული როგორც თავისუფალი და სამართლიანი.

„ყველას კარგად მოეხსენება, რამდენად მნიშვნელოვანია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებზე იყოს ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი. ჩვენ წინა არჩევნების პრაქტიკით ვიცით, რომ ზოგჯერ რამდენიმე ათასი დამკვირვებელი ჩამოსულა, ხოლო ეუთოს პრაქტიკა არის, რომ რამდენიმე ასეულ დამკვირვებელს აგზავნის და ცდილობს რომ მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი აქ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დამკვირვებლები საქართველოში ჩამოვიდნენ და არავის არ შეექმნას პრობლემა და შეფერხება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობას სურს, რომ დამკვირვებლების რაოდენობა იყოს მცირე. მთავრობა იმალება კორონავირუსის პანდემიის უკან და იმედი აქვთ, რომ დამკვირვებელთა რაოდენობა იქნება მცირე.’’- განაცხადა სერგი კაპანაძემ

სერგი კაპანაძის თქმით, მთავრობამ ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგას, რათა საერთაშორისო დამკვირვებლებს შეფერხება არ შეექმნათ.

„პირველი, უზრუველყონ, რომ ეს დამკვირვებლები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან, იქნება ეს ეუთო, ევროსაბჭო, ევროსაპარლამენტო ასამბლეა თუ ამერიკული ორგანიზაციები, შემოვიდნენ საქართველოში შეფერხების გარეშე. იგულისხმება დამკვირვებლებისათვის სავალდებულო კარანტინის გაუქმება და მათთვის შემოსვლის გამარტივება .

მეორე, ხელისუფლებამ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ დამკვირვებლებს შეუქმნის დაზღვევას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, თუკი რომელიმე მათგანი დაავადდება, ხარჯები მთავრობამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე.’’-აცხადებს სერგი კაპანაძე.

სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ მთავრობის მხრიდან მხოლოდ ფორმალურად წერილის გაგზავნა და საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობის მოთხოვნა არ არის საკმარისი და საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

„თქვენ უკვე კარგად ხედავთ, თუ რა დაიწყო ხელისუფლებამ, ანუ მან უკვე დაიწყო მოსყიდვის სხვადასხვა პროგრამის ამოქმედება, დაიწყო დაშინებისა და მუქარის პატარა ნაბიჯების გადადგმა და როგორც ჩანს აპირებს, რომ ეს ტემპი კიდევ უფრო გააძლიეროს არჩევნების წინ და ბუნებრივია რაც უფრო ნაკლები დამკვირვებელი იქნება, რაც უფრო ნაკლები საერთაშორისო ორგანიზაცია აღნუსხავს დარღვევებს, მით უკეთესია მთავრობისთვის, ამიტომ, ის რომ წერილი გაგზავნეს, ეს საკმარისია არ არის, რადგან შესაძლოა რომ მარტო წერილის საფუძველზე, დამკვირვებელთა ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა არჩევნების სათანადოდ დასაკვირვებლად, არ ჩამოვიდეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მათ ჩამოსვლასთან დაკავშირებული შეფერხებები იყოს ბოლომდე არმოფხვრილი და მეორე, რომ ეს ვალდებულება აიღოს მთავრობამ, რომ თუკი რომელიმე მათგანი დაავადდება, ამ ხარჯებსაც აიღებს თავის თავზე მთავრობა.“-აღნიშნა სერგი კაპანაძემ.