ბევრს ლაპარაკობენ ერთობაზე, რომელიც შალვა ნათელაშვილის ეზოში თუ ფანჩატურში გაერთიანდა. მე მინდა დიდი ყურადღება მიაქციოთ სხვა უფრო გლობალურ პრობლემას, ამბიციებისა და დესტრუქციის სურვილის გარდა, ამათ საერთო არაფერი გააჩნიათ. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამან სახელმწიფო მართვის რაღაცა რგოლში, თუნდაც ერთობლივად, მოიპოვონ უპირატესობა. გამორიცხულია, რომ მათ დამატებითი სტრესი არ მიაყენონ ჩვენს საზოგადოებას და სტაბილურობას არ შეუქმნან სერიოზული საფრთხე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ამ წვრილმან საკითხებშიც კი მათ უკვე ეტყობათ, რომ ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული და ჭრელი საზოგადოება, რომელსაც უნდა რომ გარკვეულ პერიოდში, ერთობით მიაღწიოს რაღაცა უპირატესობას. არც ერთობა არსებობს და არც სერიოზულობა არსებობს, იმ ხალხის გაერთიანებაში რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო სატელიტებად გაერთიანდა. ეს არის რეალობა და ამ რეალობას უნდა შევხედოთ საღად. გაერთიანება, რომ რყევადია და სტაბილურობის არაფერი, არც ერთი ნიშანი არ გააჩნია, ეს უკვე ფაქტია, ხელისუფლებას აწყობს თუ არ აწყობს, ამაზე არ არის საუბარი, საზოგადოებას არ აწყობს გაერთიანება ისეთი სუბიექტების, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს, არა მარტო პოლიტიკურ გარემოს, საერთოდ ქვეყანას და მის სტაბილურობას. ეს არის მთავარი, თორემ ხელისუფლებისათვის მნიშვნელობა აქვს იმას, რაც ხელისუფლებას უკეთებია, აკეთებს და მომავალში კიდევ აპირებს გააკეთოს. ძალების შეფასებაა მთავარი და საზოგადოება მიიღებს გადაწყვეტილებებს, იქიდან გამომდინარე, თუ რა ვითარება გვაქვს არა მარტო დღეს, არათუ რა გვქონდა გუშინ და ვინ რისი გამკეთებელია სამომავლოდ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.