ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათი განცხადებით, რეაბილიტაცია უტარდება XIX საუკუნეში აგებულ წმინდა თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიას, რომელიც ფონდი „ქართუს’’ მხარდაჭერით ხორციელდება.
სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ადგილზე გაეცნენ. ამ ეტაპზე ტაძრის გადახურვა და გარე ფასადის მოპირკეთება მიმდინარეობს. ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2017 წელს შეიძინა.
ამასთან, ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, ბათუმში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაცია მიმდინარეობს.
ასევე, უკვე დასრულდა ნოე ჟორდანიას, მაზნიაშვილის და კონსტანტინე გამსახურდიასა და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე არსებული 5 საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია. აღნიშნულ სახლებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვთ.
მთავრობის წარმომადგენლებმა დასრულებული პროექტები დაათვალიერეს და საცხოვრებელი სახლების მცხოვრებლებს გაესაუბრნენ.