მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს, მიკრომეწარმეებს, პოტენციურ მეწარმეებს, ვისაც სურთ, რომ ჩაერთონ ჩვენს მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამებში. „სახელმწიფო შენი პარტნიორია“ არის ძალიან ეფექტური ინიციატივა. უნდა ავღნიშნო, რომ ეს ინიციატივა ეკუთნის პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას, რომელმაც არ მოგვასვენა სამი სამინისტრო და ძალიან სწრაფად, ძალიან ეფექტურად, პრაქტიკულად ვე ნახევარში, განგვახორციელებინა ეს პროექტი, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ამბროლაურში განაცხადა, სადაც პროექტის „სახელმწიფო შენი პარტნიორის“ პრეზენტაცია იმართება.
„ეს პროექტი, ისევე როგორც ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ეკონომიკური კრიზისია პანდემიის გამო, მიზნად ისახავს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. ყველა ჩვენი მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა არის მიმართული იქითკენ, რომ ადამიანებმა იცხოვრონ უკეთ, ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი, თუნდაც მცირე-მიკრო საქმიანობიდან, დასაქმდნენ და დაასაქმონ სხვები. ეს პროგრამები, ამ მიმართულებით ძალიან ეფექტურად მუშაობს. ეს არის თქვენთვისაც ახალი შესაძლებლობა. მხოლოდ ერთი ეკონომიკის სამინისტროს პროექტი რომ ავიღოთ „აწარმოე საქართველოში“, უკვე 600-მდე მცირე საწარმო და მცირე და საოჯახო სასტუმრო არის შექმნილი ჩვენი მხარდაჭერით. 19 ათასამდე ადამიანი დასაქმდა. 6 ათასზე მეტი მიკროგრანტის პროექტი განხორციელდა და აქაც 15 ათასამდე ადამიანი დასაქმდა. ჩვენი მიზანია, რომ ამ პროგრამების წყალობით სამუშაო ადგილები შეიქმნას არა მხოლოდ მსხვილ ქალაქებში, არამედ სოფლად, მაღალმთიან რეგიონებში, სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში. ჩვენ თავი მოვუყარეთ 20-ზე მეტ სხვადასხვა პროგრამას, რომლიც შეიქმნა მეწარმეებისთვის, გავიტანეთ თბილისიდან და წამოვიღეთ აქ რაჭაში და კიდევ 100-მდე სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში, სადაც თქვენთვის ძალიან კომფორტულ, ნაცნობ გარემოში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში, სპეციალურად მომზადებული, დატერენინგებული ადამიანები დაგეხმარებიან შეავსოთ აპლიკაციები, მოამზადოთ ბიზნეს გეგმა, მიიღოთ ინფორმაცია რას გთავაზობთ სახელმწიფო“, - განაცხადა ნათია თურნავამ.