200 ლარი „ქართული ოცნების” წყალობა არ არის, რადგან ხალხმა უნდა დააბრუნოს ეს თანხა საგარეო ვალის სახით და ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ დახმარება, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ ხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, მათი მხრიდან თანხის მისაღებად მოქალაეებისთვის დახმარების პროცესი გაგრძელდება.
„სახელმწიფომ გამოყო 17 წლამდე არასრულწლოვნებისთვის 200-ლარიანი დახმარება და მარტო ამ თანხის გამოყოფა საკმარისი არ არის. აუცილებელია მთავრობას გაეკეთებინა მოქმედებები, რომ მოსახლეობას ჰქონოდა შესაძლებლობა, დარეგისტრირებულიყვნენ. ამ პროცესმა გვაჩვენა, რომ მოსახლეობას რეგისტრაციის სერიოზული პრობლემა აქვს: არ აქვთ ინტერნეტი, არ არის საკმარისი კომპიუტერები, შესაბამისად, ჩვენ გამოვიჩინეთ ინიციატივა და ჩუმად, თავმდაბლობით ვეხმარებოდით მოსახლეობას, რომ ტექნიკური დახმარება გაგვეწია მათთვის. ეს პროცესი მიმდინარეობდა ჩვენს ოფისებში. ხალხი მოდიოდა, თუმცა ამან აღშფოთება გამოიწვია „ქართული ოცნების“ ლიდერებში. 200 ლარი „ქართული ოცნების” წყალობა არ არის, რადგან ხალხმა უნდა დააბრუნოს ეს თანხა საგარეო ვალის სახით და ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ დახმარება, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ ხდება. დახმარების პროცესი გრძელდება. ჩვენ ყველა რაიონულ ორგანიზაციას ვთავაზობთ, რომ მათ ვებ-გვერდებზე განთავსდეს ინფორმაცია და მოსახლეობას აღმოვუჩინოთ უსასყიდლოდ ტექნიკური დახმარება. დავეხმაროთ ანგარიშების გახსნაში, იურიდიულ კონსულტაციებში და მივცეთ კომპიუტერებზე წვდომა რეგისტრაციისთვის“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ გუშინ განაცხადა, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან, სახელმწიფო პროგრამის საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის გამოყენება ხდება.
17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების გასაცემად რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე 15 აგვისტოდან დაიწყო.
რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე და ელექტრონულ პორტალზე.