ბრალდებულების ადვოკატებმა საგამოძიებო ექსპერიმენტით გამოძიების ვერსია გაამყარეს

ბრალდებულების ადვოკატებმა საგამოძიებო ექსპერიმენტით გამოძიების ვერსია გაამყარეს

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დაიწყო. ბრალდების მხარემ სასამართლოს დამატებით ახალი მტკიცებულები წარუდგინა, რომელიც მოიცავს ვიდეო მასალას, სადაც ბრალდებულების გადაადგილება და დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზებაა ასახული. ახალი მტკიცებულება სასამართლომ დასაშვებად სცნო.

საქმის არსებითი განხილვის პარალელურად, 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქემზე ბრალდებულის ზ. ხომასურიძის ოჯახის რამდენიმე წევრმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართა. შიმშილობს თავად ბრალდებულიც. მთავარი მოთხოვნა საქმის მასალებზე გაუთქმელობის შეზღუდვის მოხსნაა. ბრალდებულის ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ ადვოკატს საქმის მასალებზე წვდომისა და მედიასთან საუბრის უფლება მიეცეს, ასევე მოხდეს ბრალდებულთა დაკითხვა სიცრუის დეტექტორის გამოყენებით.

როგორც თამაზ ხომასურიძე ამბობს, შიმშილობის აქციას სხვა ბრალდებულთა მშობლებიც შეუერთდებიან, ორ დღეში კი, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ჯერ მშრალ შიმშილობაზე გადასვლას, შემდეგ კი სუიციდს გეგმავს.

„სამი დღე ვშიმშილობთ, სამი დღის შემდეგ კი მშრალ შიმშილობაზე გადავდივარ, მომდევნო სამი დღის შემდეგ კი სუიციდს ჩავიდენ. მოვითხოვ ჩემმა შვილმა და ყველა „ტოიოტა ქამრის“ მძღოლმა გაიაროს სიცრუის დეტექტორი. ასევე, ვითხოვ ამირხანაშვილმაც გაიაროს სიცრუის დეტექტორი, იქნებ ის იტყუება.

პროკურატურამ გუშინ განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არ წერია რომ სიცრუის დეტექტორის გამოყენება შეიძლებაო. ეგენი ვიცი, რომ არ წამოვლენ მაგაზე, იმიტომ, რომ სიცრუეს იძახიან და არ გაიშიფრავენ თავს. მაგრამ საქართველოში ყველამ იცის, რომ ჩემი შვილი მკვლელი არ არის“, - აცხადებს თამაზ ხომასურიძე.

ვიდრე მოთხოვნა, სიცრუის დეტექტორის საშუალებით დაკითხვის თაობაზე, არ შესრულდება, შიმშილობას არ წყვეტს ბრალდებული ზ. ხომასურიძეც. ბრალდებულის ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, ბრალდებული ითხოვს, რომ სიცრუის დეტექტორის მეშვეობით გამოიკითხოს, ასევე სიცრუის დეტექტორი გაიაროს ახვლედიანმა, ამირხანაშვილმა და საქმეზე წარმოდგენილმა იმ მოწმეებმა, რომლებიც ადვოკატის თქმით, ყველა გამოკითხვის დროს ჩვენებებს ცვლიან.

„ასევე შუამდგომლობა დავაყენეთ იმ პროკურორის აცილების თაობაზე, რომელიც მის გამოკითხვას ესწრებოდა და მასზე ფიზიკური და სიტყვიერი ზეწოლა განხორციელდა. აქედან გამომდინარე მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვიდრე არ დაკმაყოფილდება მისი მოთხოვნა და არ იქნება აცილებული ის პროკურორი, განაგრძობს შიმშილობას“, - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

მიუხედავად იმისა, რომ 19 წლის ფეხბურთელის სასტიკად მკველობის საქმე სასამართლოშია, მკვლელობაში ბრალდებულების არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატებმა მცხეთაში, არაგვის ხიდთან დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს. ექსპერიმენტის მონაწილეებმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსიის 5 ეპიზოდი გაითამაშეს, მათ შორის ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ნაწილი, ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, რომ საქმეში არსებული ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებები ტყუილია. ექსპერიმენტის მეექვსე ნაწილი ხილვადობის არარსებობის გამო შეწყდა.

არჩილ გაგნიძის ინტერესების დამცველის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, ფიზიკურად შეუძლებელია იაკობ ბრეგვაძეს ხიდის ქვეშ რაიმე დაენახა, სილუეტებიც კი. ადვოკატის თქმით, საგამოძიებო ქმედებებმა ნათელი გახადა, რომ ბრეგვაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის ცრუ, რადგან ბუნებრივი განათების პირობებში ხიდის ქვეშ შეუძლებელია მას რაიმე დაენახა.

„ექსპერიმენტი იმ შესაძლო ჩვენებასთან დაკავშირებით ჩავატარეთ, რომელსაც არჩილ გაგნიძის ადვოკატები არ ვიცნობთ, ეს არის 2 აგვისტოს ჩვენება, სადაც იგი თითქოს და მიუთითებს, რომ ხიდის დაახლოებით 60-70%-ით გავლის შემდეგ მან დაინახა ორი პიროვნება, რომელიც მტკიცებით ფორმაში აღნიშნა, რომ არ არიან ის პირები, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ორი ცდა ჩავატარეთ და დადასტურდა, რომ შეუძლებელია ბუნებრივი განათების პირობებში რაიმე დაენახა, არა პიროვნებები, არამედ სილუეტებიც კი.

კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩატარდა, რამდენად ექნებოდათ მდევრებს შესაძლებლობა დაენახათ 30-50 მეტრის დაშორებით ამირხანაშვილი, ახვლედიანი და შაქარაშვილი და ამით დადასტურდა, რომ თუ 30-50 მეტრის და ასევე, 100 მეტრის დაშორება იქნებოდა, მდევრებს თავისუფლად შეეძლებოდათ ამ პირების დანახვა. ბოლო ექსპერიმენტი გვქონდა დაგეგმილი ხიდის ქვეშ იმ რთული რელიეფზე პირების გადაადგილებისა, თუმცა ამ ექსპერიმენტის ჩატარება ობიექტური მიზეზებით ვერ განხორციელდა, დავიცავით მონაწილე პირების ჯანმრთელობა და ეს ექსპერიმენტი შეწყდა ხილვადობის არარსებობის გამო“, - აცხადებს ვასილ მამულაშვილი.

ექსპერიმენტში მონაწილეობდა ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი, თეიმურაზ მაისურაძე, რომლის განცხადებით, ხიდის ქვეშ არაფერი ჩანს, თუ შაქარაშვილი ჩავიდოდა, აუცილებლად დაგორდებოდა, დაუზიანდებოდა ხელები, თავი, რასაც არცერთი ექსპერტიზა არ ადასტურებს. როგორც მაისურაძე აცხადებს, არაგვის ხიდთან ჩატარებულმა პირველმა ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებები ტყუილია. მისი თქმით, მეორე ექსპერიმენტით დგინდება, რომ თუ გიორგი შაქარაშვილს, გურამ ამირხანაშვილსა და ვახტანგ ახვლედიანს ბრალდებულები ახლო მანძილით მისდევდნენ, ისინი მხოლოდ ახვლედიანსა და ამირხანაშვილს დაინახავდნენ.

„თუ მართლა ახლო მანძილში მისდევდნენ ამ სამ პიროვნებას, მაშინ მდევარი ადვილად დაინახავდა, ვინ სად დაიმალა, ვერ დაინახავდნენ შაქარაშვილს, საით გაიქცა. დაინახავდნენ ახვლედიანს და ამირხანაშვილს. არ გაეკიდებოდნენ იმას, ვისაც ვერ ხედავდნენ. ადვილად მიაგნებდნენ როგორც ამირხანაშვილს, ისე ახვლედიანს. კიდევ ერთი ექსპერიმენტი ხილვადობის არქონის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია. არაგვის ხიდის ქვეშ არაფერი არ ჩანს.

თუ შაქარაშვილი იქ ჩავიდოდა, ის აუცილებლად დაგორდებოდა, დაუზიანდებოდა პერანგი , ხელები, თავი, რასაც არცერთი ექსპერტიზა არ ადასტურებს. შაქარაშვილი მდინარის პირას ვერ მივიდოდა. გამაოგნებელია ეს დრამატურგია გამოძიების, რომ წყალში უნდა შეხვიდე, რომ ჩანთა დადო ჯებირზე. გამოდის, რომ შაქარაშვილი წყალში შევიდა და ჯებირზე, მაღლა დადო ჩანთა? იცოდნენ, რომ ეს არაა ამომწურავი ექსპერიმენტი, სულ მალე გვექნება სიურპრიზი ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად“, - აღნიშნა თეიმურაზ მაისურაძემ.

მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ბრალდებულების ადვოკატების მიერ დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერიმენტით გამოძიების ვერსია დადასტურდა. მისი თქმით, შენობის აივნიდან ოპერატორმა კამერა რომ მოატრიალა, დღესავით ჩანდა ის ადგილი, სადაც მოხდა კონფლიქტი, იმავდროულად, ჩანდა საკმაოდ ფართო დიაპაზონი, საითკენაც უნდა გაქცეულიყვნენ „ტოიოტადან“ გადმოსული პირები.

„იმის თქმა, რომ ბრეგვაძე რაღაცას ვერ დაინახავდა, სერიოზული თუ არის, ჩავთვალოთ სერიოზულად. მეორე შემთხვევაში ექსპერიმენტი ვერ ჩავატარეთ იმის გამო, რომ უსაფრთხოება დავიცავითო, უკვე ყველაფერი გასაგებია. დღემდე არც ერთხელ არ მიმიცია შეფასება დაცვის მხარის პოზიციებისთვის, რადგან ვთვლი, რომ მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, უნდა ვაჯობო საკუთარ თავს და დავიცვა პროფესიულ-ეთიკური გარემოებები, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ მევალება.

თუმცა, იმედია, კითხვის დასმას ვერავინ ამიკრძალავს. როგორც მე მივხვდი, გამოძიების მიერ მოწმე ბრეგვაძესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგინდა, რომ იგი მშენებარე შენობის აივნიდან ხედავდა, როგორც „ტოიოტა“-ს ადგილზე მისვლის, ასევე მასში მსხდომი პირების გამოდევნების გარკვეულ არეალს და არა სახეებს ან სხვა დეტალურ გარემოებებს, წინააღდეგ შემთხვევაში, უნდა ჩატარებულიყო საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა“, - აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

თუმცა, რა დადასტურდა დაცვის მხარის საგამოძიებო ექსპერიმენტით - ნიკოლაძის განცხადებით, ნათლად გამოჩნდა და უპირობოდ დადასტურდა, რომ ბრეგვაძეს შეეძლო უპრობლემოდ დაენახა სწორედ ის, რაც მის ჩვენებაში აისახა - ანუ მანქანიდან გადმოსული მგზავრების რაოდენობა, მოძრაობის ტრაექტორია და არა გარეგნობა, ჩაცმულობა და სხვა.

„თუ ასე არაა და მხედველობა მატყუებს, შემისწორეთ. არსებობს ორი უტყუარად დადასტურებული გარემოება, ერთი - ოჯახის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი, მეორე - გამოძიების მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმეტი, რომ ღამით არაგვის ფერდობზე ჩარბენა შესაძლებელია ყოველგვარი უმცირესი დაზიანებების გარეშე. რა დადასტურდა დაცვის ექსპერიმენტით? სრული კაპიტულაცია დაუჯერებელი მიზეზით“, - აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

 

Aburjga Tasmanieli იმათ, იმ ადვოკატებმა კი არ გაამყარეს, ექსპერიმენტით გამყარდა, გამყარდა ობიექტური რეალობ!
3 წლის უკან
XALIBI ვინ რა გაამყარა?! წერა კითხვის არ მცოდნე საზოგადოებაა თუ წაკითხულ-მოსმენილის შინაარს ვერ აღიქვამენ??? ადვოკატები, მათ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად ამბობენ, რომ ფერდობზე ღამით ჩასვლა და ჩარბენა შეუძლებელიაო...... იქ არსებული ბუნებრივი განათების პირობებში რაიმე დაენახა, არა პიროვნებები, არამედ სილუეტებიც კი..... მირიან ნიკოლაძე და ჟურნალისტები კი ამბობენ, ადვოკატებმა გაამყარეს გამოძიების ვერსია და ჩემი ვარაუდებიო...... ეს რაღაც ანომალიური მოვლენააა........
3 წლის უკან