„ჩვენთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება ნიშნავს მეტი ნდობის გაჩენას უცხოელ ინვესტორებში, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში უმნიშვნელოვანესი როლის შემსრულებელი იქნება ეკონომიკური რეაბილიტაციის პროცესში, ვინაიდან, გაზრდილი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაბალანსება, სწორედ უცხოური კაპიტალის შემოდინებაზე იქნება დამოკიდებული,“ - განაცხადა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა შოთა გულბანმა სარეიტინგო კომპანიის „Fitch“ - ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცველელად დატოვების შესახებ.
გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ „Fitch” - მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად - „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა. აღსანიშნავია, რომ აპრილში სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკური ვითარების წინა შეფასების შემდგომ, „Fitch“ - მა ბევრ ქვეყანას შეუმცირა რეიტინგის პერსპექტივა ან სუვერენული რეიტინგი. მაგალითად, სარეიტინგო კომპანიამ გააუარესა აშშ-ს, იაპონიის, ისლანდიის, მაკედონიის, საფრანგეთის, ავსტრიის რეიტინგის პერსპექტივა, ხოლო კანადის სუვერენული რეიტინგი AAA დან AA+ მდე შეამცირა.
შოთა გულბანის განცხადებით, საკრედიტო რეიტინგის უცვლელად შენარჩუნებას საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული საიმედო და თანმიმდევრული პოლიტიკის ჩარჩო, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნებას შოკების პერიოდში. მისი თქმით, სააგენტომ თავის ანგარიშში ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მიმდინარე პროგრამის 2021 წლამდე გაგრძელება.