„ჩვენამდე მოვიდა ძალიან ცუდი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც მოქალაქეებს ონლაინ რეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ“, - ამის შესახებ თამარ ბარკალაიას განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბარკალაია ამ საქმეში ჩართულებს აფრთხილებს, რომ ეს არის კრიმინალი და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება ასეთ ფაქტებს.
„ჩვენამდე მოვიდა ძალიან ცუდი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც მოქალაქეებს ონლაინ რეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ. მინდა გავაფრთხილო თითოეული მათგანი რომ ეს არის კრიმინალი და შესაბამისი რეაგირება მოხდება ჩვენამდე მოსულ ყველა ასეთ ფაქტზე. ეს არის უფასო მომსახურება, რომელსაც ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ მთავრობისგან“, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ასევე ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან, სახელმწიფო პროგრამის საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ეხმიანება.
„ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები ცდილობენ ამ პროცესის პოლიტიზებას. ეს არის სახელმწიფოს მიერ ბავშვიანი ოჯახებისთვის შეთავაზებული დახმარება და ნამდვილად არ გვაქვს სურვილი, რომ ამ პროცესის პოლიტიზირება მოახდინოს ნებისმიერმა ძალამ“, - აღნიშნავს ბარკალაია.
ამასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, არ აქვს წვდომა ინტერნეტთან ან კომპიუტერთან, მას შეუძლია მიმართოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს, ან „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.
„მათთვის დახმარების გაწევა სრულიად უფასოდ მოხდება“, - განმარტავენ სამინისტროში.
17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების გასაცემად რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე 15 აგვისტოდან დაიწყო.
რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე და ელექტრონულ პორტალზე.