"არანაირი პოლიტიკური მიზნები არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი ნებაა, გამოვხატავთ თუ არა ვინმეს მიმართ სიმპათიას"

რამდენიმე კვირის წინ, „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე და ლევან რატიანი დაესწრნენ, რასაც საზოგადოების ნაწილისგან, უამრავი უარყოფითი კომენტარი მოყვა.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორი თენგიზ ცერცვაძეს ამბობს, რომ მისთვის ამ ფაქტის გამო, საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაკვირვება გაურკვეველია.

"ჩვენი ინიციატივით როგორ მოვხვდებოდით?! დაუპატიჟებლად ჩემს სიცოცხლეში მეგობრის დაბადების დღეზეც კი არ წავსულვარ! ჩვენ მივიღეთ მოწვევა­ და წავედით. ისე, მე მაშინაც გამოვხატე გაკვირვება და ახლაც მინდა გავიმეორო. ცოტა არ იყოს, გაუგებარია საზოგადოების ნაწილის გაკვირვება და ზოგჯერ გაბრაზებაც კი. როგორ? ჩვენ იმის გამო, რომ კოვიდთან ბრძოლის წინა რიგებში ვართ, ვინმემ უნდა გვიკარნახოს, სად მივიდეთ და სად - არა? ვის მიმართ გამოვხატოთ ან არ გამოვხატოთ სიმპათია?

არანაირი პოლიტიკური მიზნები და მისწრაფებები არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი ნებაა, გამოვხატავთ თუ არა ვინმეს მიმართ სიმპათიას და მივცემთ თუ არა ხმას", - განაცხადა ცერცვაძემ "კვირის პალიტრასთან".