რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევის მიზანი ქვეყანაში ისეთი წესრიგის დამყარებაა, რომელსაც გარე მოთამაშეები თავიანთთვის მომგებიანად თვლიან.
მისივე თქმით, არავინ მალავს, რომ საქმე ეხება გეოპოლიტიკას და პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის ბრძოლას.
„არავინ მალავს, რომ საქმე ეხება გეოპოლიტიკას და პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის ბრძოლას. რაც ახლა ევროპის დედაქალაქებიდან, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და პოლონეთიდან გვესმის, არა ალექსანდრე ლუკაშენკოს, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას, არამედ გეოპოლიტიკას ეხება,“- აღნიშნა ლავროვმა Россия 1-თან ინტერვიუში.
მან იმედი გამოთქვა, რომ ბელარუსი საკუთარი შიდა პოლიტიკის საქმეებს თავად მიხედავს.