მირიან ნიკოლაძე ვახტანგ ჩიქოვანისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს გამოეხმაურა

მირიან ნიკოლაძე ვახტანგ ჩიქოვანისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს გამოეხმაურა

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე 2 ბრალდებულის ადვოკატების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს ეხმაურება. მისი განცხადებით, დაცვის მხარის მიერ ჩატარებულმა საგამოძიებო ექსპერიმენტმა ნათლად აჩვენა, რომ მშენებარე შენობის აივნიდან ი. ბრეგვაძეს შეეძლო უპრობლემოდ დაენახა სწორედ ის, რაც მის ჩვენებაში აისახა - ანუ მანქანიდან გადმოსული მგზავრების რაოდენობა, მოძრაობის ტრაექტორია და არა გარეგნობა, ჩაცმულობა და სხვა.

„დღემდე არც ერთხელ არ შემიფასებია დაცვის მხარის პოზიციები, რადგან ვთვლი, რომ მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, უნდა ვაჯობო საკუთარ თავს და დავიცვა პროფესიულ-ეთიკური გარემოებები, რომელიც დღევანდელი ამპლუიდან გამომდინარე, არ მევალება. თუმცა, იმედია, კითხვის დასმას ვერავინ ამიკრძალავს.

როგორც მე მივხვდი, გამოძიების მიერ მოწმე ი. ბრეგვაძესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ის მშენებარე შენობის აივნიდან ხედავდა, როგორც „ტოიოტას“ ადგილზე მისვლის, ასევე მასში მსხდომი პირების გამოდევნების გარკვეულ არეალს და არა სახეებს ან სხვა დეტალურ გარემოებებს (წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა ჩატარებულიყო სავალდებულო საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობაც). რა დადასტურდა დაცვის მხარის საგამოძიებო ექსპერიმენტით? ნათლად გამოჩნდა და უპირობოდ დადასტურდა, რომ ი. ბრეგვაძეს შეეძლო უპრობლემოდ დაენახა სწორედ ის, რაც მის ჩვენებაში აისახა - ანუ მანქანიდან გადმოსული მგზავრების რაოდენობა, მოძრაობის ტრაექტორია და არა გარეგნობა, ჩაცმულობა და სხვა. თუ ასე არაა და მხედველობა მატყუებს, შემისწორეთ.

არსებობს ორი უტყუარად დადასტურებული გარემოება (ერთი - ოჯახის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი, მეორე - გამოძიების მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი), რომ ღამით არაგვის ფერდობზე ჩარბენა შესაძლებელია ყოველგვარი უმცირესი დაზიანებების გარეშე. რა დადასტურდა დაცვის ექსპერიმენტით? სრული კაპიტულაცია დაუჯერებელი მიზეზით.

მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ხელს გვიწყობს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში და ყოველდღიურად გვარწმუნებს, რომ საქმეზე ჭეშმარიტება დადგენილია!“ - წერს ნიკოლაძე.

12 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნული იყო, რომ გამოძიებამ ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა. არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა საქმის მასალების ჩაბარებაზე უარი თქვეს და მასალების გაუთქმელობაზე ხელი არ მოაწერეს. 13 აგვისტოს კი, ბრალდებულს სახაზინო წესით ადვოკატი დაუნიშნეს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო. გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.