„ქაჯების ამბავი“

„ქაჯების ამბავი“

საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოებაში ბატონმა რეზო ჩხეიძემ თათბირ-სემინარი ჩაატარა დიდი ესპანელი მწერლის მიგელ დე სერვანტეს საავედრას “დონ კიხოტის” ეკრანიზაცის შესახებ.

“ქართული ფილმი” ესპანელ კოლეგებთან ერთად აპირებს ამ ნაწარმოების გადაღებასო აღნიშნა ბატონმა რეზომ. ნოდარ დუმბაძე გრძელი მაგიდის კუთხესთან იჯდა, ხმას არ იღებდა და საგულდაგულოდ ქაღალდის ფურცელზე ფანტასტიკურ ფიგურებს ხაზავდა.

რეზო ჩხეიძემ თან ინგლისელი კოლეგა, გამოჩენილი კინორეჟისორი მოიყვანა, რომელიც იმჟამად საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა. სტუმარმა შეკრების მიზანი რომ გაიგო, გაიოცა - თუ კლასიკოსის გადაღება გნებავთ, შორს სადღა მიდიხართ, თქვენი ბრწყინვალე “ვეფხისტყაოსანი” გადაიღეთო.

ბატონმა რევაზმა დიპლომატიური ღიმილით მიუგო, რომ “ქართული ფილმი” ჯერ ვერ გრძნობდა თავს საკმაოდ მომზადებულად ასეთი დონის ნაწარმოების ეკრანიზაციისათვის.

- ჩვენ კი ისე “გავთავხედდით”, - განაგრძო ინგლისელმა კოლეგამ, - “ქართულ ფილმთან” ერთად გვინდა ამ ნაწარმოების გადაღება, და ისე შორს შევტოპეთ, რომ მსახიობებიც კი შევარჩიეთ.

- ვინ არიან ეგ მსახიობები, თუ საიდუმლო არ არის? – იკითხა ბატონმა რეზომ.

- ვინ და, თინათინი – ოდრი ჰეპბერნი, ნესტან-დარეჯანი – სოფი ლორენი, ტარიელი – პიტერ ო’ტული, ავთანდილი – ალენ დელონი, ფატმანი – ბრიჯიტ ბარდო, ფრიდონი – ენტონი ქუინი.

- რაღა ერთობლივი ფილმია, თქვენ გადაგიღიათ და ეგ არის! – ჩაილაპარაკა ვიღაცამ. – საკითხავია, ჩვენ ვინღა ვითამაშოთ?

- როგორ თუ ვინ?! – უცებ საუბარში ჩაერია ნოდარი. – იმდენ ქაჯებს თამაში არ უნდა? ვითამაშოთ ის ქაჯები და ვიყოთ ასე!