„როგორც ჩანს, ქართველებს აქვს გარკვეული იმუნური შესაძლებლობა, რომლის მეშვეობითაც კორონავირუსი უფრო მარტივად გადაგვაქვს“

„როგორც ჩანს, ქართველებს აქვს გარკვეული იმუნური შესაძლებლობა, რომლის მეშვეობითაც კორონავირუსი უფრო მარტივად გადაგვაქვს“

გამოცხადდება თუ არა ქვეყანაში ისევ საგანგებო მდგომარეობა და კორონავირუსის ახალი კერების გაჩენის შემთხვევაში, არის თუ არა ეპიდაფეთქება გარდაუვალი? ეპიდემიოლოგები 1000-მდე ტესტის პასუხს ელოდებიან, რის შემდეგაც რეგულაციების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ. არ არის გამორიცხული, სასწავლო პროცესიც გადაიდოს.

ეს 1000 ტესტი ჩატარებულია მესტიაში, ზუგდიდსა და ქუთაისში. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, 30-მდე შემთხვევა ერთ ლოკაციასთან დაკავშირებული, მძიმე შედეგია.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ტესტების პასუხების მიხედვით გადაწყდება შემდეგი ღონისძიებების გატარება.

„თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს და დღეს გვაქვს არა ნიღბის ტარება, არა სოციალური დისტანცია და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ სექტემბრის დასაწყისში შეიძლება საფრთხე შეექმნას სასწავლო პროცესის დაწყებას“, - განაცხადა მან.

პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, სვანეთში ეპიდემიის აფეთქებას მიასწრეს და იქ ვირუსის წარმატებით შეკავება მოხერხდა. მისი თქმთ, ყაზბეგში ეპიდვითარება საგანგაშო არ არის და იქ შეზღუდვები არ დაწესდება.

მთავრობა ყველა მოქალაქეს, რომელიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში სვანეთში იმყოფებოდა, მიმართავს თხოვნით, რომ მიმართონ სწრაფი ტესტირების ცენტრებს. ტურისტებისთვის კი სპეციალური ცხელი ხზი 144 არსებობს, მათ ამ ნომერზე შეუძლიათ აცნობონ, სვანეთში ურჩევნიათ დარჩენა თუ რომელიმე საკარანტინე სივრცეში გადაყვანა. კვირის ბოლომდე კი 4 ათასამდე ადამიანის ტესტირება იგეგმება.

მუნიციპალიტეტში კვლავ საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. რეგიონში შეზღუდულია შესვლა-გამოსვლა, ასევე გადაადგილება სოფლებს შორისაც. ადგილზე ეპიდემიოლოგთა 14 ჯგუფი მუშაობას ისევ აგრძელებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი 10 აგვისტოს გამოცხადდა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა. ეკატერინე ტიკარაძის 11 აგვისტოს გაკეთებული განცხადებით, საკარანტინე ზომების გამკაცრება ჯერჯერობით არ იგეგმება.

ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ქვეყანაში არ არის საგანგაშო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და სადღაც რამდენიმე შემთხვევა თუ დაფიქსირდება, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. მისი თქმით, მთავარია, რომ ტესტირება დროზე ჩატარდეს და გავრცელების არიალი დიდი არ იყოს. ჩიხლაძე ფიქრობს, რომ არ არის იმ დონის საპანიკო მდგომარეობა, რათა სწავლის არდაწყებაზე უკვე ვინერვიულოთ და ერთი თვით ადრე ამაზე რაღაც წინასწარი პროგნოზები ვაკეთოთ. ჯანდაცვის ექსპერტი არც კონრეტული რეგიონების ჩაკეტვას არ მიესალმება, რადგანაც ფიქრობს, რომ 20 და 30 შემთხვევა ყოველდღიურადაც რომ დაფიქისირდეს, ეს არაფერს ნიშნავს.

„კორონავირუსი არ გამქრალა, ამიტომაც შემთხვევები ყოველთვის იქნება და ეს ბუნებრივი მოვლენა გახდება. 15 დან 20 შემთხვევა პერიოდულად იქნება. მთავარია აქ, რომ ერთი ან ორი კვირის განმავლობაში დავაკვირდეთ. საგანგაშო სიტუაცია რომ გახდეს, მაშინ კვირაში 250-ზე მეტი შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს. მთელი კვირა ყოველდღიურად 30 დავირუსებული კაციც რომ დაფიქსირდეს, ეს საგანგაშო სიტუაცია ვერ იქნება. ჩვენი ნაკლოვანი ჯანდაცვის სისტემა ასეთ რიცხვს ჩვეულებრივად გაუმკლავდება. ამიტომ ძალიან გაუგებარია, როდესაც 20 შემთხვევაზე ასეთი პანიკა იწყება, მით უმეტეს ეს როცა წინასაარჩევნოდ ხდება. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ეს არ არის საგანგაშო მდგომარება, ამიტომაც წინასწარ სწავლის გადადებაზე საუბარი მდგომარეობის ხელოვნურად დაძაბვას ნიშნავს“, - ამბობს ჩიხლაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ტურისტულ ადგილებში კორონავირუსის გავრცელება გასაკვირი ფაქტი არ არის. ახლა ზაფხულია და ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი ასეთ ადგილებში დასასვენებლად მიდიან. ჩიხლაძე ამბობს, რომ მართალია პირბადე ასეთ ადგილებში უნდა გამოვიყენოთ და დისტანცია დავიცვათ, ბევრ ქვეყნებში სადაც სიტუაცია ჩვენზე უარესადაც კი იყო, პირბადით სიარული საერთოდ გააუქმეს კიდევაც. ექსპერტი ამბობს, რომ ეს არ არის იმ დონის რაოდენობა და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, რომ რაიმე მკცარი ზომების მიღება საჭირო გახდეს.

ინფექციონისტ ირკალი ხმალაძეს კი მიაჩნია, რომ რეგიონების ოპერატულად ჩაკეტვა ვირუსს სწრაფად გავრცელების საშუალებას აღარ მისცემს და არ დაგვემართება ის, რაც ჩვენს სამეზობლოს ჭირს. მასაც მიაჩნია, რომ პანიკა საჭირო არ არის, მაგრამ როდესაც სკოლის და საგანმანათლებლო ცენტრების გახსნას ვგეგმავთ, მაშინ მაქსიმალური ყურადღება პირველადი კერების იზოლაციას უნდა მიექცეს. მისი აზრით ეს პრევენცია იქნება ზუსტად იმის გარანტი, რომ სექტემბრიდან სწავლა ჩვეულებრივად სკოლებში დაიწყება და ისევ მთელი ქვეყნის ჩაკეტვა აღარ მოგვიწვეს. ინფექციონისტი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და ექიმებმაც უკვე საკამოდ დიდი გამოცდილება მიიღეს, ამიტომაც ვირუსის მართვა არ უნდა გაუჭირდეთ.

„პანიკა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავთესოთ. ჯერჯერობით ეს ვირუსი საქართველოში კლინიკურად როგორც ჩვეულებრივი ვირუსი ისე მიმდინარეობს. გარდაცვლილთა მონაცემებს და ჯანმრთელობის მდგომარეობას რომ გადავხედოთ, ისინი შესაძლოა ჩვეულებრივი გრიპის დროსაც დაღუპულიყვნენ, რადგანაც სხვა ქრონიკურლი დაავადებებიც ჰქონდათ.

პანიკაში მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩავვართდეთ, როდესაც ვნახავთ, რომ სახელმწიფო ამ გამოწვევას ვერ უმკლავდება. საკმარისად გვაქვს ხელოვნური აპარატები და ჩვენმა ექიმებმაც დიდი გამოცდილება მიიღეს. ასევე საინტერესოა ის გარემოებაც, რომ რუსეთმა უკვე განაცხადა ვაქცინა მზად არისო. ამიტომაც საგანგაშო და საშიში მით უმეტეს ჩვენ არაფერი გვაქვს. არ მგონია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ისევ საჭირო გახდეს. თუმცა თავიდან ყველას გვეგონა ზაფხულში სიცხეზე სხვა ვირუსების მსგავსად გაქრებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მთლად თავს ყველაფერზე ვერ დავდებთ, თუმცა საქართველომ და ჩვენმა მოქალაქეებმა ამ ბრძოლაში ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანას რომ აჯობა, ფაქტია“, - ამბობს ინფექციონისტი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ასევე გააჩნია ჩაკეტილ რაიონში ვირუსი საიდან მოხვდა და ვინ იყო მისი გავრცელების პირველწყარო. ინფექციონისტი ამბობს, რომ თუ რამდენიმე დღე გადაბმულად კორონავირუსი მოქალაქეებს დაუდგინდათ, მაშინ ცოტა უნდა გავიჭირვოთ და ერთი ეს რეგიონები ჩავკეტოთ. ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ რადგანაც თავიდან ვირუსის ბუნება მთელმა მსოფლიომ არ იცოდა, ამიტომაც გახდა საჭირო ქვეყნების მასობრივი ჩაკეტვა და კარანტინის გამოცხადება. ახლა მისი ხასიათი მეტ-ნაკლებად ყველამ იცის და ასეთი რადიკალური ზომები საჭირო აღარ უნდა გახდეს. მისი აზრით, შესაძლოა, მეორე ტალღის დაწყებამდე უკვე პრეპარატიც კი მზად იქნეს. მეორე მხრივ კი, როგორც ჩანს, საქართველოს მოსახლეობას აქვს გარკვეული იმუნური შესაძლებლობა, რომლის მეშვეობითაც კორონავირუსი უფრო მარტივად გადაგვაქვს.